აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორის, დაკავებული მზია ამაღლობელის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც აფგან მუხთარლი წერს, ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ.
მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ“, – წერს აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.
I demand the immediate release of my Georgian colleague, Mzia Amaghlobeli, the founder of “Netgazeti” and “Batumelebi”…
Posted by Afqan Muxtarli on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025
ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე – „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დარღვევები დაადგინა. კერძოდ, საქმე ეხება 2017 წელს თბილისიდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ფარულ გადაყვანას საქართველოდან აზერბაიჯანში, მის შემდგომ დაკავებას და იქ წინასწარ პატიმრობას.
აფგან მუხთარლი ამტკიცებდა, რომ ეს ქმედებები მის გაჩუმებასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის დასჯას ისახავდა მიზნად. მან საქართველოს მისი სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობის, აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო უჩივლა; ასევე, ედავებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ საქმის ეფექტურად გამოუძიებლობას.
აზერბაიჯანს კი ჟურნალისტი დაკავების, უკანონო დაპატიმრების, არასათანადო მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი დაცვის უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევის გამო უჩიოდა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, რომ დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება. ასევე, სახელმწიფომ არ გამოიძია მისი დაკავებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის ფაქტი.