აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
“თბილისო, ჩამოვდივარ შენს სანახავად. ხვალ 17:50 ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები. საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვარ დასაკითხად. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არ შემექმნება რაიმე სახის დაბრკოლება,”- წერს აფგან მუხთარლი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
აფგან მუხთარლი მისი გატაცების ხელშეწყობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.