სანქციები აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს. „შავ სიაში“, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა მოხვდნენ.
სანქციები დაუწესდათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ კოზაევს, ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერს რუსლან თედეევს, ე.წ. დეპუტატებს, ბახვა თედეევსა და იგორ ჩოჩიევს, ასევე ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე დავიდ გაზატის. ჩამოთვლილ პირებს სანქციები, დონბასში ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასვლის გამო დაუწესდათ.
„შავ სიაში მოხვედრილ პირებს უკრაინაში ანგარიშებს დაუყადაღებენ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. სანქციები სამი წელი იმოქმედებს,“ – განმარტავს უკრაინის ხელისუფლება.
სანქციების დაწესების შესახებ განკარგულება გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სულ სიაში არის 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი.