„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.
„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო – რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა