LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღარ ჩამოხვიდეთ! საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ერთ ტაიმში დაასრულა (ვიდეო)

35

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში წააგო: წლებია ასეა და მოდი, პირდაპირ ვთქვათ – კიდევ მრავალი წელი ასე იქნება. საქართველოს ეს ნაკრები და ეს ფეხბურთელები არაფრის მაქნისები არ არიან. სასწაული ის იქნება ამ გაუგებარი ”ფეხბურთელების” ვითომ ეროვნულმა გუნდმა რაიმე სახეიროს რომ მიაღწიოს და ასეც რომ მოხდეს, ეს მხოლოდ ერთჯერადი გამონათება იქნება. ამათგან ხეირიანი შედეგის მოლოდინი ისეთივე უტოპიაა, როგორც ჩვენი პოლიტიკოსების წინაასაარჩევნო დაპირებები.

ფეხბურთში შესარჩევი ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და ლამის ორ წელიწადს გრძელდება. ჩვენმა ბედოვლათმა ნაკრებმა კი იმდენი მოახერხა, რომ ეს ციკლი პირველივე თამაშის პირველივე ტაიმში მოათავა. ის, რაც საქართველომ პირველ ტაიმში აკეთა, ამასაც მოხერხება უნდა. ასეთ ფეხბურთს ეზოში ის ბავშვებიც კი არ თამაშობენ, რომლებიც მუსიკაზე დადიან.

ამათ არც ჯიგარი აქვთ, არც პროფესიონალიზმი, არც არავის და არაფრის სიყვარული, არც პასი იციან, არც გახსნა, არც დარტყმა, და რაც მთავარია, ნამუსიც არ აქვთ: ნუღარ ჩამოდიხართ, ნაკრებში! აღარ ჩამოხვიდეთ და დაეტიეთ იმ თქვენს რუსეთში და ხეხეთ სათადარიგოთა სკამები. იმის ფული მაინც გექნებათ, რომ ღამის კლუბებში იაროთ და იგულაოთ. მთავარი ხომ ესაა!

შეიძლება გინდათ გულშემატკივრებს დასცინოთ, მაგრამ საკუთარ თავის დაცინვა გამოგდით, როდესაც უტიფრად გაიძახით, თანაბარი ჯგუფიაო. საქართველოს ნაკრებია თანაბარი სერბეთის, უელსის, ირლანდიის და ავსტრიის?! ვინ, ”ურალის” უთამაშებელი ფეხბურთელია მადრიდის ”რეალის” სუპერვარსკვლავის თანაბარი? ან ნებისმიერი სხვა?..

გულშემატკივარს კი ვერავინ მოატყუებს: ადგა ხალხი და პირველი ტაიმის დასრულებისას მასობრივად დაიწყო სტადიონიდან წასვლა: ოღონდ სანამ წავიდოდნენ, ცოცხალ-მკვდარი არ დაუტოვეს… ამასაც ხომ ”ნიჭი” უნდა, ერთ ტაიმში ამდენს ”მიაღწიო”…

ერთი სტაჟიანი ქომაგი ამბობდა, ესენი ყველანი დასაჭერები არიანო – სამსახურეობრივი გულგრილობისთვის, ნახე, რამდენ ხალხს რა დღეში აგდებენო…

ერთადერთი, რაც ვარგოდა ეს მეორე ტაიმი და უფრო ცალკეული ეპიზოდები იყო. თუმცა მაგ დროისთვის უკვე მომთავრებული იყო საქმე და ასე რომ არ ყოფილიყო, არავინ უწყის რა თამაში წავიდოდა. ან თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ავსტრიას აუცილებლად უნდა გაეტანა მესამე გოლი. მოკლედ, ის, რომ მეტოქის კართან რაღაც შევქმენით, ეს სულაც არ იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას: მოვა შემდეგი მატჩები და განმეორდება იგივე: ფეხბურთელებად წოდებული ხალხი შეგროვდება და ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ და არაერთხელ მოუშლიან ნერვებს ხალხს და შეარცხვენენ თავის ქვეყანას.

ისევ პირველი ტაიმი: ლორია რას აკეთებდა და სად გარბოდა, ყაზაიშვილის ფეხბურთი ფეხბურთი იყო? – მიიღებდა ბურთს, 2-3 მეტრს გაივლიდა და დაკარგავდა: საშინელება იყო ანანიძე, ერთი ბურთი ვერ აწია და რას მაიმუნობდა, ვერავინ გაიგო… სხვები კიდევ უარესი… ამდენი პასი უკან, ამდენი შეხება ყველა მიღებულ ბურთზე, არანაირი გახსნა, მოძრაობა, სისწრაფეები, შეტევაში გადასვლა… დაცვა? დაცვა არც ყოფილა თითქოს…
და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მთლიანობაში გუნდი თამაშობს თავდამსხმელის გარეშე. და რატომ? ტაქტიკაა ასეთი? არა, გუნდს, ქვეყანას, საქართველოს არ ყავს თავდამსხმელი, ფეხბურთში – არადა, ჩვენ ხომ საფეხბურთო ერი ვართ: ეს არის ლიტონი სიტყვები, თავის მოტყუება – საფეხბურთო ერი არა, კვატი…

სამარცხვინოები ხართ! არავინ არ უნდა მოვიდეს თქვენს საყურებლად, მით უმეტეს ასეთი არაორგანიზებული მატჩების დროს (ბილეთების გაყიდვიდან დაწყებული, შეღწევით დამთავრებული)…

კეტჩუპი მაინც წაისვით სახეზე, ვითომ იბრძოლეთ და გასისხლიანებულები ხართ… მაგრამ თქვენ მაგდენსაც ვერ მოახერხებთ, იმიტომ, რომ თქვენ ვერასოდეს ვერაფერს მოახერხებთ – თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის ისტორიის ყველაზე სუსტი, უუნარო, უპასუხისმგებლო და უმაქნისი თაობა, რომელიც განწირულია წაგებისთვის…

აი საქართველოს სახელით გამოსული ეს უნიათო, უუნარო, უპასუხისმგებლო გუნდი:
ლორია, ლობჟანიძე (84’ ჭანტურია), კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი (76’ ოქრიაშვილი), დაუშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი (63’ სხირტლაძე), ჯიღაური, ნავალოვსკი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
D ჯგუფი
სერბეთი – ირლანდია 2:2
გოლები: 0:1 ჰენდრიკი (3), 1:1 კოსტიჩი (62), 2:1 ტადიჩი (69-პენ), 2:2 მერფი (81)

უელსი – მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 უოკსი (38), 2:0 ალენი (44), 3:0 ბეილი (51), 4:0 ბეილი (90-პენ)

საქართველო – ავსტრია 1:2
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (16. ალაბას პასით), 0:2 იანკო (42. არნაუტოვიჩის პასით), ანანიძე (78)

 

 

https://www.youtube.com/watch?v=6n4JBeOT2KE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g