LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომამდე დაცარიელებული თბილისი: აპირებს თუ არა ხალხი სააღდგომოდ რაიონში წასვლას

431
driving-in-georgia

თბილისი წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, ერთი კვირით ცარიელდებოდა. ეს აღდგომის დღესასწაულზე ხდებოდა, როდესაც “ჩამოსულები” ძირძველ ოჯახებში, რაიონებში მოდიოდნენ. მკვდრეთით აღდგომა – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება და რწმენის განმტკიცება, მხოლოდ საფლავზე წითელი კვერცხის გადაგორებით არ შემოიფარგლება. ეს ხომ ჩენი ტრადიციაა, წეს-ჩვეულება.

წელს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ისეთივე ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. ვერც ეკლესია-მონასტრებში იქნება ხალხმრავლობა და ალბათ მხოლოდ რამდენიმე სტიქაროსანი იგალობებს “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით”. ყველაფერი კი პრევენციისთვის, უსაფრთხოებისთვის შეიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე – რა წერია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში

როგორ წავიდეთ რაიონებში სააღდგომოდ? არ მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი, შეჩერებულია ავტობუსის, მიკროავტობუსის, მატარებლის მოძრაობა. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება და ისიც 3 მგზავრით, მათ შორის ითვლება მძღოლიც. რა უნდა ქნას, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს? ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა.

 

საკურთხს აქ გავამზადებთ და სანთელს დავუნთებ

“12 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მშობლების საფლავზე ვერ წავალ. ახლო ნათესავებს ვთხოვე და ისინი გავლენ ჩემების საფლავზე, ღვინოს გადააქცევენ, წითელ კვერცხს და ყვავილებს მიუტანენ. მკვდარს ვერც აქედან ვუშველი და ვერქ იქ ყოფნით, მაგრამ ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელსაც ჩვენ შვილებს ვასწავლით. ალალი იყოს ათასი სანთელი, რომელსაც ჩემს წინაპრებს დაუნთებენ, მაგრამ ჩემი ერთი სანთელი ალბათ უფრო ნათელი იქნებოდა ჩემი მშობლებისთვის” – თედო გობეჯიშვილი იმერეთიდან.

“ვირუსმა მხოლოდ საქართველო კი არა მთელი მსოფლიო შეცვალა. უზნეო ადამიანები ისედაც შეცვლილები იყვნენ, მაგრამ ვისაც რწმენა გვაქვს და ვისთვისაც ძვირფასია ტრადიციის დაცვა, იმ ადამიანებისთვის ძნელია მოულოდნელი ცვლილების აღქმა. ვერ გავედი ქალაქიდან სანამ გადაიკეტებოდა მიმოსვლა. ტაქსით რომ წავიდე გურიაში, დიდი თანხის გადახდა მომიწევს მგზავრობისთვის, მერე უფულოდ თბილისში როგორ ვიცხოვრო და კი მომიწევს იქ დარჩენა” – იზოლდა მაკარაძე გურიიდან.

“ნათესავებმა შევაგროვეთ ფული, დავიქირავეთ მიკროავტობუსი და წავალთ. ვიქნებით 6 მგზავრი. სამი დღით გავჩერდებით და უკან დავბრუნდებით. შარშან ზაფხულის მერე არ ვყოფილვარ მამაჩემის საფლავზე და მოსაწესრიგებელია, გასასუფთავებელი. აღდგომას მივულოცავ, ღვინოს გადავაქცევ და მერე წამოვალ. დედაჩემი აქ მყავს თბილისში. მასაც უნდა წასვლა, მაგრამ ამდენი ხალხის წაყვანის არც ადგილია მანქანაში და არც შესაძლებლობა. ახლა ისეთი დროა უნდა დავიცვათ ყველანაირი უსაფრთხოება. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, რაც გაგვაჩნია” – ლელა გაგუა სამეგრელოდან.

“პატრულმა გაგვაფრთხილა, თუ წახვალთ 500 ლარით დაგაჯარიმებთო” – რეგიონებიდან დედაქალაქში სამარშუტო ტაქსები აღარ მოძრაობენ

“ჩემი ძმა ჩამოვა თბილისში და წამიყვანს ერთი კვირით. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე ვართ სამსახურში, მაგრამ სოფელში ინტერნეტი არ გვაქვს და დიდხანს ვერ გავჩერდები. უმცროსი და მყავს გარდაცვლილი. ჩემი ოჯახის ტრადიციაა ამ დღეს მის საფლავთან შევიკრიბოთ. 8 წელია ეს ტრადიცია არ დაგვირღვევია და არც ახლა ვაპირებ” – მარიანა კალანდია ჩხოროწყუდან.

“ჩემი შვილი რომ დაინახავს მე არ მივდივარ ჩემი მშობლების საფლავთან, მერე ისიც აღარ ივლის ჩემ საფლავზე. მეც იქ უნდა დავიმარხო, სადაც ჩემი წინაპრების საფლავებია. ისეთი ეკალ-ბარდებიანი ადგილია, ერთი კვირა რომ არ გაიწმინდის, მეორე კვირაში საფლავს ვერ მიაგნებ. ახლა კი უვლიან ჩემი ძმა და მისი ოჯახი, მაგრამ მეც მეკუთვნის დასუფთავება და მოვლა, მეც შვილი ვარ. მარტო წასვლა კი არ ჭირს ახლა, რომ ჩახვალ, ძმიშვილებს რაღაც საჩუქრები უნდა ჩაუტანო, ახლო და უახლოესი ნათესავის ბავშვები რომ დაგინახავენ, ჯიბეში ხელებს ვერ ჩავიწყობ. საკურთხისთვის საჭირო პროდუქტი საყიდელია. ამდენი საშუალება ახლა მე კი არა, მინისტრებს აღარ აქვთ. მყავს საკუთარი მანქანა, მე და ჩემი მეუღლე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ 180 ლარის საწვავი მჭირდება, ცალკეა რამდენია საჭირო სოფელში მისატანი პროდუქტებისთვის. მერე თბილისში დაბრუნებულზე არც ერთი მაღაზია ნისიად არ მომცემს საჭმელს და მთავრობა მე რომ სახლში პურს მომიტანს, მაგის იმედზე ვერ ვიქნები. საკურთხს აქ გავამზადებთ და სანთელს დავუნთებ. მშობლები შვილებს ყველაფერს პატიობენ, მეც ვთხოვ პატიებას” – შავლეგ მატკავა ხობის რაიონიდან.

“ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს” – მინისტრები, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან

ვისაც რაიონში ინტერნეტის საშუალება ჰქონდა, უმრავლესობა ქალაქიდან წავიდა. ადამიანების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს. თბილისი ასეთი ცარიელი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ აღდგომის მეორე კვირას თუ არა, შემდეგში, ან კიდევ უფრო მომდევნო კვირას, დასრულდება ის, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ცხოვრება ისევ ჩადგება ჩვეულ კალაპოტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g