რამდენიმე დღეში ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, 26 მაისი – ანუ დამოუკიდებლობის დღე ახლოვდება. ამ ეროვნულ დღესასწაულს წელს უკვე 29-ედ აღვნიშნავთ.
ყოველწლიურად საქართველოში ეს დღე განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნება, იმართება სხვადასხვა სამხედრო/საზეიმო თუ კულტურული ღონისძებები, კონცერტები, თუმცა წელს ვითარება კორონავირუსულმა პანდემიამ შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, ერთ-ერთი მთავარი კი სოციალური დისტანცია და ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრის შეზღუდვაა.
რა გეგმები აქვს დედაქალაქის მერიას, აღინიშნება თუ არა წელს ეროვნული დღესასწაული, და თუ აღინიშნება რა ფორმით, რა მასშტაბით, ამის გასარკვევად “ფორტუნა” თბილისის მერიას დაუკავშირდა.
დედაქალაქის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ და გადაწყვეტილება საკოორდინაციო საჭომ უნდა მიიღოს, თუმცა სავარაუდოდ წელს ღონისძიებებს ტრადიციული მასშტაბური სახე არ ექნება.
შეგახსენებთ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.