მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქით” ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ივანიშვილს ერთი მთავარი გეგმა ამოძრავებს და ეს “რუსთავი 2”-ის დახურვაა.
სააკაშვილის თქმით, ამ გეგმის განხორციელებამდე, ის ახერხებს, რომ გაანეიტრალოს ყველანაირი საწინააღმდეგო პირი თუ მოძრაობა და ამას ახერხებს კიდეც.
„ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც მოიპარა თქვენი არჩევანი, გააგრძელა თავისი “ფეისბუქ” ტროლების დასაქმება. ისინი დღე და ღამე ზიან და ბეჭდავებ ათასგვარ სისულელეს და მე მინდა თქვენ ნერვები არ მოიშალოთ. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება საზოგადოებაზე.
ივანიშვილს აქვს კონკრეტული გეგმა, ის “რუსთავი 2”-ის დახურვას აპირებს თებერვალში, მარტში, მაქსიმუმ აპრილში, იმიტომ რომ თვლის, რომ “რუსთავი 2”-მა ის კინაღამ ააყირავა და მის აყირავებას აგრძელებს. სანამ ივანიშვილი ამ გეგმას შეასრულებს, ცდილობს ყველა წინააღმდეგობრივი მოძრაობა გაანეიტრალოს.
თქვენ გახსოვთ, როგორ დაგვაკომპლექსა მან ყველანი, რამდენიმე თვის განმავლობაში არჩევნებამდე, რომ ამათ უნდათ მიშას ჩამოყვანა და ქუჩაში გამოსვლა. ამიტომ, ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვიძახდით, რომ “არა რა მიშას ჩამოყვანა” და მეორე ის, რომ “არა, არა ჩვენ ქუჩაში არ გამოვალთ.”
და აღმოჩნდა, რომ არჩევნების ღამეს ჩვენ არაფრისთვის არ ვართ მზად, იმ გაგებით, რომ არ ვართ მზად გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი არჩევანი. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს საქართველოსთვის შეუქცევადი პროცესია,” – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ასევე წინააღმდეგობრივი ძალების განეიტრალების კონტექსტში დავით კირკიტაძის დაპატიმრებაზე ისაუბრა.
სააკაშვილის განცხადებით, დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე, დავით კირკიტაძე მასთან იყო ჩასული.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ კირკიტაძე პარტიის მთავარი ორგანიზატორი და რეგიონული მდივანია.
“ივანიშვილმა ვერ შეძლო რუსთავის მოგება და ეს მისთვის იყო ძალიან მძიმე მარცხი, რადგან რუსთავი დიდი ქართული ქალაქია და არის სოციალურად ძალიან საინტერესო ქალაქი. რუსთავში კირკიტაძემ გამოგლიჯა მას გამარჯვება. და რა ხდება? კირკიტაძეს ნებისმიერი საბაბით ითრევენ რაღაც დაპირისპირებაში და შემდეგ უშვებენ რამდენიმეწლიანი მუხლით დღეს საპატიმროში. ეს იმ პირობებში, როცა ფარცხალაძემ ცემა კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ყველას თვალწინ მძიმედ დააშავა და კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს, ფარცხალაძე დღესაც დადის თავისუფალი, კორცხელის გმირები დადიან თავისუფლად, ჩვენი კასპელი აქტივისტის მცემელი დადის თავისუფალი და ა.შ.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანვე, გურამ დონაძის დაკავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი “ფეისბუქ გვერდი” “პრეზიდენტი სალომეა”, რომლის შემქმნელი დონაძე იყო და რომელზეც, ივანიშვილის წინააღმდეგ იდებოდა ვიდეოები.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დააპატიმრეს კიდევ ერთი პირი, ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც “ქოცების დაცინვის ოფიციალური სააგენტოს” ფეისბუქ გვერდის შემქმნელია.
“ჭკადუა არის ერთერთი ყველაზე წესიერი, განათლებული ახალგაზრდა, რომელსაც ვიცნობ. მას მოუწყვეს პროვოკაცია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი შეუბრუნა, ეს ამბავი მოხდა რამდენიმე წლის წინ და ახლა მას უშვებენ ციხეში,” – აღნიშნა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ამ ქმედებებით, ივანიშვილი ველის გაწმენდას ცდილობს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
