საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ამავე წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა. ამ დღიდან დღემდე, ქართველი ექიმები დღე და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ ამ ვერაგი ვირუსისგან.
მათ მიერ განკურნებული თითოეული ადამიანის მიღმა ის პატარა ისტორიები დგას, რომლებიც საავადმყოფოების რუხ კედლებში იწერება.
დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ და მოგიყვებით 45 წლის ირაკლი თელიას შესახებ, რომელმაც, ფილტვების 20- ქულიანი დაზიანების მიუხედავად, კოვიდი დაამარცხა და ახლა ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
ირაკლი სამტრედიელია და მისი გადარჩენის ამბავი ქუთაისის საავადმყოფოსა და იქაური მედპერსონალის დიდი დამსახურებაა.
მისი კოვიდისტორია კი ასეთია.
ირაკლი თელია: „რადგან მეუღლეს დაუდასტურდა კოვიდი და მქონდა კონტაქტი, 26 სექტემბერს, სამტრედიაში გავიკეთე ჯერ სწრაფი, შემდეგ – პისიარ ტესტი. ტესტმა უარყოფითი აჩვენა, თუმცა საღამოს დამეწყო სიმპტომები, მომცა სიცხე, ამიტომ მკურნალობა სახლში დავიწყე, მაგრამ მე-5 დღეს, რადგან შედეგი არ ჩანდა, მირჩიეს საავადმყოფოში გადასვლა და გადამიყვანეს ქუთაისში.
იმავე საღამოს უფრო გართულდა მდგომარეობა, ამიწია ტემპერატურამ და აუცილებელი გახდა ანალიზების გაკეთება. მეორე დღეს გამიკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია და აღმომაჩნდა ფილტვის 20 -ქულიანი დაზიანება, რის შემდეგაც პირდაპირ რეანიმაციაში გადამიყვანეს. ჩემი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, სუნთქვა მიჭირდა, თითქმის ვეღარ ვსუნთქავდი, დამჭირდა ჟანგბადის აპარატი. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემს გადასარჩენად. 14 დღის განმავლობაში, ვიყავი რთულ მდგომარეობაში.
მოსაყოლად ადვილია, მაგრამ არ იცით, ამ დროს როგორი საშინელი განცდები გაქვს. მე ცოტა ჭარბწონიანიც ვარ, რის გამოც მუცელზე წოლა მიჭირდა. უკვე საერთოდ ვეღარ ვსუნთქავდი, მოვიხსენი ეს აპარატი და ვთქვი – „მორჩა, მე ვეღარ გადავრჩები, გინდა კოვიდს მოვუკვლივარ და გინდა ამ აპარატს-მეთქი“, მაგრამ ექიმებმა და ექთნებმა დანებების საშუალება არ მომცეს.
19 დღე ვიყავი საავადმყოფოში და მთელი ეს პერიოდი გადასხმებში, ნემსებსა და ანალიზებში გადიოდა. ექიმები და ექთნები ყველაფერს აკეთებდნენ – შეუძლებელსაც კი და გამიმართლა, გადავრჩი. გამომწერეს სახლში, მაგრამ კვლავ ვაგრძელებდი მკურნალობას, რადგან ჩემი ფილტვები ისე იყო დაზიანებული, ამას ასე უცბად ვერ ეშველებოდა.
იმ დღიდან ვმკურნალობ, ვიმოწმებ ყველაფერს… ცოტა ხნის წინ ექიმთან რომ მივედი გადამოწმებაზე და მითხრა, რომ ყველაფერი სუფთა იყო, მაშინ მივხვდი, რომ გადავრჩი.
კოვიდმა მაინც დამიტოვა თავისი კვალი – უენერგიობა და დაღლილობა, რომ გავივლი ან კიბეზე რომ ავდივარ, უკვე ვიღლები.
– ბატონო ირაკლი, ვაქცინირებული თუ იყავით?
– ვაქცინირებული არ ვიყავი, ვაპირებდი, მაგრამ კოვიდმა დამასწრო. ახლა ვფიქრობ, ვაქცინა აუცილებელია და რადგან გადავრჩი, 4 – ჯერაც გავიკეთებ. საავადმყოფოში ჩემთან ერთად ვაქცინირებული ვინც იყო, ყველამ ადვილად გადაიტანა და უცბათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია და ჯერ ისევ ფიქრობს?
– მათ მხოლოდ ერთს ვეტყვი და მერე თვითონ გადაწყვიტონ – მძიმე ვინც ვიყავით, არც ერთს გვქონდა გაკეთებული ვაქცინა და დადებითად რომ არ მოქმედებდეს, 25 ადამიანიდან მარტო ის როგორ გადაიტანდა მსუბუქად, ვისაც აცრა ჰქონდა გაკეთებული. რეანიმაციაში მე დამძიმებული ვაქცინირებული ადამიანი არ მინახავს, მძიმე პაციენტი კი ყველა აუცრელი იყო.