LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმოვაჩინე მეთოდი, რომელიც გემოს 1 პროცენტითაც არ ცვლის, მაგრამ კალორიებს ანახევრებს!“ – ნატა გაგუა გვიზიარებს საცივის რეცეპტს, რომელიც არ ასუქებს

328
ნატა გაგუა

ახალი წელს საქართველოში და არამხოლოდ, გემრიელი კერძებით ხვდებიან. საქართველოში ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებით აქტუალურია „საცივი“, რომელიც ბევრი ადამიანის საყვარელი კერძია. 

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გვიზიარებს საცივის რეცეპტს, რომელიც, როგორც თავად წერს, არ ასუქებს და კალორიებს ანახევრებს.

„🥣 საცივი, რომელიც არ ასუქებს?! 

მეგობრებო, ნუ იჩხუბებთ! ვიცი, საცივი ქართული სუფრის „წმინდათა წმინდაა“, მაგრამ რა ვქნათ მათ, ვისაც გვინდა შობა-ახალი წელი წონის მატების გარეშე ვიზეიმოთ?

აღმოვაჩინე მეთოდი, რომელიც გემოს 1%-ითაც არ ცვლის, მაგრამ კალორიებს ანახევრებს!
საიდუმლო ინგრედიენტი? ყვავილოვანი კომბოსტო!

✅ გემო: ვერავინ გაარჩევს ტრადიციულისგან.
✅ ტექსტურა: უფრო კრემოვანი და „აბრეშუმივით“ ნაზი.
✅ შედეგი: შეგიძლიათ მიირთვათ სინდისის ქენჯნის გარეშე!

მაღალი სამზარეულო (Haute Cuisine) ხშირად იყენებს ყვავილოვან კომბოსტოს სოუსებში. ის „გემოს ქამელეონი“ და სრულიად ნეიტრალურია, იღებს ნიგვზისა და სუნელების არომატს და ქმნის საცივისთვის საჭირო სისქეს „სიმძიმის“ გარეშე.

📝 ინგრედიენტები:

  • ხორცი: 1 საშუალო ინდაური (გამოიყენეთ მხოლოდ თეთრი ხორცი, კანისა და ცხიმის გარეშე).
  • 400 გრ ნიგოზი (ღია ფერის) + 400 გრ ყვავილოვანი კომბოსტო.
  • 4 თავი თეთრი ხახვი, 3 კბილი ნიორი.
  • უცხო სუნელი (2 ჩ/კ), ხმელი ქინძი (1 ჩ/კ), ზაფრანა, დარიჩინი/მიხაკი (დანის წვერზე), თეთრი პილპილი.
  • ლიმონის ფრეში (ეხმარება რკინის შეთვისებას!).

🥣 მომზადების ტექნოლოგია:

ბულიონი: ინდაურს ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე. წყალში ვამატებთ ხახვს, ნიახურის ძირს და სტაფილოს (შემდეგ ამოვიღებთ). ქაფს ვიღებთ პერმანენტულად.

ბოსტნეულის მომზადება: ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ ძალიან კარგად (სანამ არ დაიშლება), რომ მისი სპეციფიკური სუნი გაქრეს.

ხახვის ტექნიკა (Confissage): ხახვს ვთუშავთ არა ზეთში, არამედ ცოტაოდენ ბულიონში ან წყალში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. შემდეგ ვაბლენდერებთ პიურედ! ეს სოუსს პრიალას ხდის.

შეზავება: ბლენდერში მოათავსეთ ნიგოზი, მოხარშული კომბოსტო, მოთუშული ხახვის პიურე, ნიორი და სუნელები. დაასხით გაციებული, ცხიმმოხდილი ბულიონი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ფინალი: ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები სოუსში, წამოადუღეთ სულ 1 წუთით და ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენი.

✨ „ურწყული“ (ნიგვზის ზეთი)

ალბათ ყველას გინახავთ, რა მდიდრულად გამოიყურება სუფრაზე მიტანილი ცხიმმოსხმული საცივი. ამ ზეთს „ურწყულს“ უწოდებენ. გთავაზობთ მისი მიღების ორ მარტივ მეთოდს:

  • მეთოდი 1 (კლასიკური): ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (მაქსიმალურად წვრილ დანაზე), დაუმატეთ მარილი, ზაფრანა და ცოტა ცხელი წყალი. მოზილეთ ხელით და რამდენიმე წამში შეამჩნევთ, რომ ზეთი გამოიყოფა.
  • მეთოდი 2 (მჭადის ფქვილით): ბულიონში ან ცხელ წყალში მოშუშეთ წვრილად დაფქული მჭადის ფქვილი. ფაფად რომ იქცევა, 1 ს/კ ეს მასა შეაზილეთ გატარებულ ნიგოზს – ზეთი წამებში გამოიხდება.
    ეს საცივი შეიცავს ტრადიციული საცივის კალორიების ნახევარს და მდიდარია ომეგა-3-ით!

კომენტარებში დაწერეთ, გაბედავთ თუ არა ტრადიციის დარღვევას ჯანმრთელობისთვის?“, – წერს ნატა გაგუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g