LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით“ – „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“

117
პარლამენტი

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო.

აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: – საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ასევე ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 – წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.

აღნიშნული ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ აისახება, რომელიც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g