აღდგომის დღეებში მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთს ტრადიციული მისასალმებელი სიტყვების ნაცვლად ეუბნებიან: ქრისტე აღ(ს)დგა! პასუხად კი გაისმის: ჭეშმარიტად აღ(ს)დგა.
ამ პერიოდში კითხვა – აღსდგაა სწორი თუ აღდგა – საკმაოდ აქტუალური ხდება. საკითხი განხილვის, კამათის და მეტიც, დაპირისპირების საფუძველიც ხშირად გამხდარა.
სიტყვა აღსდგას ჟურნალისტებიც ხშირად იყენებენ, და არა მხოლოდ აღდგომის კონტექსტში.
რა გამართლება აქვს -ს თავსართს ერთპირიან ზმნაში აღდგა? გრამატიკულად – არანაირი!
-ს ან მეორე სუბიექტური პირის ნიშანია, ან მესამე ობიექტური პირისა.
ზმნა აღდგა ერთპირიანია. ეს ერთადერთი პირი მესამე პირის სუბიექტია(აღდგა – ის). შესაბამისად, მეორე სუბიექტური პირის ნიშანიც და მესამე ობიექტური პირის ნიშანიც აქ უადგილო და უმართებულოა. მიუხედავად ამ აშკარა გრამატიკული კანონზომიერებისა, ფორმა „ აღსდგა“ საკმაოდ გავრცელებულია და ოფიციალურ წყაროებშიც(საეკლესიო კალენდრები, ლიტერატურა, ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები…) ხშირად გამოიყენება;
რა არგუმენტებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამყარებას ისინი, ვინც აღსდგა ფორმას აღიარებს და იყენებს?
1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
2. ქრისტეს აღდგომა უნიკალური, საკრალური მოვლენაა და სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. აღსდგა მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით უნდა გამოვიყენოთ;
3. სამეტყველო ენაში გრამატიკულად არასწორი ფორმა უკვე დამკვიდრებულია და ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს, ხალხის ცოცხალ მეტყველებაში სწორედ მას ენიჭება უპირატესობა;
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ არგუმენტებისა, დღესდღეობით ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთადერთ სწორ ფორმად აღდგაა მიჩნეული ( აღსდგა პარალელურ ფორმადაც კი არაა მითითებული), შესაბამისად, თუკი მშობლიური ენის ნორმებს და წესებს პატივს ვცემთ, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.
წყარო “მედიაჩეკერი”
