სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის Air China წარმომადგენლებთან, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი სამგზავრო რეისების დაწყების თაობაზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.
მხარეებმა საქართველოში ოპერირების გეგმები და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური ასპექტები განიხილეს.
Air China-ს წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ხელსაყრელი გარემოა საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად, კერძოდ, ხაზი გაესვა საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მარტივ პროცედურებს და შედეგიან თანამშრომლობას როგორც სააგენტოსთან, ისე ქვეყნის სხვა უწყებებთან და აეროპორტთან.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან (ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან) კვირაში 4 სიხშირით გეგმავს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისსა და ურუმჩის შორის პირდაპირი ფრენა კვირაში 3 სიხშირით სექტემბრიდან განიხილებოდა.
რეგულარული რეისების განრიგი დასამტკიცებლად სააგენტოს უახლოეს მომავალში წარედგინება. ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამომავლოდ, შესაძლოა, ჩინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობაც განიხილონ.