LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალთან განახლებული გზა მივა

66

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე გადის.

მათივე ცნობით, გზის აღნიშნული მონკვეთი 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რის გამოც ასფალტ–ბეტონის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.

პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან   მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და გასაჩერებელი მოედნები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნებისა და ლითონის მრუდხაზოვანი ძელების დამონტაჟება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 589 ათასი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.