ირლანდიელი ბლოგერი და მისი მეუღლე ზღაპრულ კუკის კუნძულებზე ჩარჩნენ. პანდემიის გამო მათი რეისი გაუქმდა, ამიტომ სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.
სტეფანი და საბინა პალმერები კუკის არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულ რაროტონგს მარტის დასაწყისში ესტუმრნენ. წყვილი თაფლობისთვის გატარებას წყნარი ოკეანის სიახლოვეს გეგმავდა. სახლში დასაბრუნებელი ბილეთი კი 26 მარტისთვის ქონდათ შეძენილი. თუმცა, კორონავირუსმა მათი გეგმები შეცვალა.

მეუღლეები აღიარებენ, რომ რამდენიმე დღე პანიკაში იყვნენ და ძალიან ეშინოდათ. ცდილობდნენ ბილეთი ეპოვათ, რათა ევროპაში მაინც დაბრუნებულიყვნენ.
„ჩვენს მიერ დაჯავშნილი ყველა რეისი უქმდებოდა, რაც სულ უფრო და უფრო მეტ სტრესს იწვევდა. ლამის ისიც კი დაგვავიწყდა, თუ რამდენად ბედნიერები ვიყავით ამ კუნძულზე, არადა იზოლაციისთვის უკეთეს ადგილს ალბათ ვერც ვიპოვიდით“ – იხსენებს სტეფანი.

მას შემდეგ რაც გაფრენის მორიგი მცდელობა ჩაიშალა და ბილეთებში გადახდილი ათასობით ევრო დაიკარგა, წყვილმა სიტუაციასთან შეგუება დაიწყო და ზღაპრულ კუნძულზე დარჩენა გადაწყვიტა.
„გაურკვევლობა ყველაზე ცუდი გრძნობაა. როგორც კი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინვე დიდი ტვირთი მოგვეხსნა“.

ამჟამად ახალშეუღლებულები თაფლობისთვეს იზოლაციაში აგრძელებენ. ბევრს ცურავენ, თევზაობენ, იოგით არიან დაკავებულები. ასე ყოფნა კი მათ სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე მოუწევთ. მათ მდგომარეობას ის ფაქტი ამსუბუქებს, რომ კურორტზე COVID-19–ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.
კუნძულის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები კარგა ხნის წინ გაამკაცრა. მაგალითად რისკ ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს ნარინჯისფერი დროშები გადასცეს, რათა სახლებთან დაკიდონ. იმ შემთხვევაში თუკი მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, ნარინჯისფერი დროშა თეთრით უნდა შეცვალონ. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სოციალური დისტანციის წესი მოქმედებს.

ტურისტებისთვის კი თითქმის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, მათ თავისუფლად გადაადგილება და პლაჟზე დასვენებაც შეუძლიათ.
