30 წლის ხატმწერი – ირაკლი ლიჩელი ხაშურიდან, ბავშვობიდან ხატავს. სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. ისწავლა და ხაშურში, უკან დაბრუნებულმა გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა ადამიანებისთვის გაეზიარებინა. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ხატწერისა და ხატვის სკოლა გახსნა. თავიდან 8 მოსწავლე ჰყავდა, დღეს კი ხატვას 70 ბავშვს ასწავლის.
„ვმუშაობ უძველესი მეთოდით, ეს არის კვერცხის ტემპერა – ამ ტექნიკით ხატავდნენ უძველესი ქრისტიანები ხატებს. თანამედროვე ეპოქაში დაწერილი ძველი ტექნოლოგიით შესრულებული ხატი, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გაუძლებს დიდ დროსა და საუკუნეებს“, – ამბობს ახალგაზრდა ხატმწერი.
მისივე თქმით, ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა სამწუხაროდ, მის რაიონში სამხატვრო სკოლა არ არსებობდა.
„ამიტომ, ჩემთვის სამოყვარულო დონეზე ვხატავდი ხოლმე. ფაქტობრივად, ჰობად მქონდა ხატვა. შემდეგ წავედი თბილისში, ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში, ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე. პირველივე კურსზე იმდენად მომეწონა ეს პროცესი, უკვე იქიდან დავიწყე დაგეგმვა, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს რაიონში და ცოდნა, რაც მე დამაკლდა ბავშვობაში, გადაცემა ახალი თაობისთვის.
ხაშურში დაბრუნების შემდეგ, სახლში გავაკეთე სახელოსნო. მყავდა რამდენიმე მოსწავლე, ზუსტად იმ პერიოდში გავიგე „აწარმოე საქართველოშის“ შესახებ, შევავსე განაცხადი, დამიფინანსეს ხატწერისა და ხატვის სკოლა და ამან საშუალება მომცა, გამეფართოვებინა ჩემი სკოლა“, – ამბობს ირაკლი ლიჩელი.