„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში” საორიენტაციო შეხვედრებს დედაქალაქიდან იწყებს.
ახალგაზრდების დასაქმებასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას ბინზეს სწავლების და ბიზნესს იდეების განვითარების მეშვეობით და ამ იდეების შემდგომ დაფინანსებით.
ახალი პროექტის მიხედვით, კონკურსის შესარჩევი ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტსა და თბილისში ჩატარდა. თითოეულში დაგეგმილი იყო მხოლოდ 10 საუკეთესო აპლიკანტის შერჩევა მათთვის საგანგებოდ შექმნილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აპლიკანტების რაოდენობამ მთელი საქართველოს მასშტაბით მოლოდინს გადააჭარბა, მათმა რიცხვმა 630-ს მიაღწია, ყველაზე მეტი აპლიკაცია თბილისში (197 განაცხადი) დარეგისტრირდა, ამიტომ მონაწილეთა და კონკურსანტთა მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, 10-ის ნაცვლად თბილისში 33 საუკეთესო მონაწილე შეირჩა.
თავდაპირველად დაგეგმილია საინფორმაციო შეხევდრები შერჩეულ ახალგაზრდებთან საქართველოს 20-ვე მუნიციპალიტეტში, რის შემდეგაც დაიწყება 3-თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსები ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3-თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3-თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.