LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდულ საქართველოს ესპანეთამდე ბევრი უკლია

58

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან გამართა და 2:5 დამარცხდა.

თამაში “მიხეილ მესხზე” თითქმის ცარიელი ტრიბუნების და წვიმის თანხლებით გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრების უპირატესობით წარიმართა. თუ პირველ ტაიმში ქართველი ახალგაზრდები ასე თუ ისე ახერხებდნენ წინააღმდეგობის გაწევას და ესპანელთა უპირატესობას გამორჩეულად დიდი არ ეთქმოდა, მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენები მოულოდნელად და ვაღიაროთ, ცოტა არალოგიკურად დაწინაურდნენ, ესპანელთა შეჩერება შეუძლებელი გახდა და უმაღლეს საკლუბო დონეზე მოთამაშე სტუმრებმა 4 გოლი გაგვიტანეს და კიდევ არაერთ ეპიზოდში დაგვინდეს. თუმცა დაგვინდეს შეიძლება არასწორი შეფასება იყოს, რადგან ჩვენი მეკარე ქურდაძე ფანტასტიურ ბურთებს იგერიებდა და ამ მხრივ ალბათ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დეულოფეუ შემოეჩაგრა, რომელსაც არაფრის დიდებით არ გაატანინა.

ესპანელებმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნეს, დასწრებაზე ბარსელონელმა მუნირმა ივარგა, თუმცა ორიოდ წუთში მათე ცინცაძის უფრო ჩაწოდებულ საჯარიმო დარტყმას არავინ შეხებია და ანგარიში გათანაბრდა.

პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა, მეორე ნახევარში კი ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა წინ გასვლა მოახერხეს. საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში ბრწყინვალე გოლი ლობჟანიძემ გაიტანა – 2:1.

მასპინძელთა სიხარულმა სულ რაღაც წუთს თუ გასტანა – წონასწორობა ასენსიომ აღადგინა და მერე დაღლილმა ქართველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლეს. ამის შემდეგ ჯერ ბორხა მაიორალმა (67 წთ), შემდეგ ისევ მუნირ ელ ჰადადიმ (73-ე წთ) გაიტანეს.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ხორვატიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად 2:0 მოუგი სან-მარინოს.

შესაბამისად სამიდან სამი მოგებით პირველ ადგილზე ხორვატიაა. ესპანეთსაც ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს – 2 მოგება და 6 ქულა. შვედეთს და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ოღონდ თუ ქართველებმა უკვე სამჯერ ითამაშეს, სკანდინავიელებს მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ ჩატარებული.
თითო ქულა აქვთ ესტონეთს და სან მარინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები