LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი: „ახალგორში რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული იყო და არც გვეგონა, რომ დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას – არავინ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებულა“

114
გელა შერმადინი

ჩვენთან, ახალგორში, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული იყო. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ შემოვიდნენ, არავინ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებულა, – ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გელა შერმადინმა, რომელიც 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა ახალგორის ტერიტორია მას შემდეგ დაიკავეს, როდესაც იგოეთთან ქართული საპოლიციო ძალების მიერ ჩახერგილი გზა „ბეტეერით“ გაარღვიეს. შესაბამისად, ვინაიდან რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ახალგორის შესასვლელი, ყველამ ვერ გამოასწრო და უკან მოუწიათ მიბრუნება.

„ცნობილი ფაქტია, იგოეთთან რომ გადაკეტილი ჰქონდათ ჩვენს საპოლიციო მანქანებს ეს ტერიტორია, იგოეთთან “ბეტეერმა” გაარღვია, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი და ამოვიდნენ ახალგორში, ხერგილი ჰქვია – ასე ვეძახით ჩვენ და შემდეგ სოფელ ოძისთან განთავსდნენ, ანუ მთლიანად შესასვლელი დაიკავეს, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელს და შემდეგ, ნელ-ნელა, აბრევის და ორჭოსნის მხრიდან შემოიყვანეს მძიმე ტექნიკა. ეს იყო 14-15 აგვისტო, როდესაც იგოეთში მოხდა ცნობილი ფაქტი, როცა „ბეტეერმა“ გამოარღვია პიკაპები და გადაყარა აქეთ-იქით. ამ პერიოდში შემოვიდნენ. შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენთან, ხეობაში იყო შემოსული პატარა სამხედრო დანაყოფები და ხალხი გამორბოდა,“ – აღნიშნა შერმადინმა.

შერმადინის თქმით, მისი ოჯახის უკან მოდიოდნენ ქართველი პოლიციელები, რომლებიც უკან მიბრუნდნენ და ბრძანების თანახმად, ახალგორის პოლიციის შენობაში განლაგდნენ, ხოლო, რუსულ ჯარებთან ერთად შემოსულმა ოსურმა ბანდფორმირებებმა ისინი ტყვედ აიყვანეს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია.

„მეც, ჩემი ოჯახით, ბავშვებით ზუსტად ამ დროს გამოვედი და გამოვასწარით ამ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო – უკან დარჩა მოსახლეობა და რადგან რუსებმა გამოსასვლელი გადაკეტეს, უკან მიტრიალდნენ. ჩვენს უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან მიტრიალდნენ, როგორც ვიცი, როდესაც ახალგორში შევიდნენ, მათ ბრძანება ჰქონდათ რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში, მერე რუსის ჯარებს ოსური ბანდფორმირებები შემოჰყვნენ და ამ ბანდფორმირებებმა დააკავეს და ტყვედ ჩაიგდეს ეს პოლიციელები – ქართველი პოლიციელები 10-15 ადამიანი ჰყავდათ დაკავებული ამ ოსურ ბანდფორმირებებს.

გაფრთხილება არ იყო – ყოველდღიურად ელოდა მოსახლეობა, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა, მეც არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო. მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ მაგრამ მართლა არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. როგორც ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებასაც არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია და არ იყო მოსახლეობა გაფრთხილებული. ვინც ვერ მოასწრო გამოსვლა, შემოვლით გზებზე – მთებზე, ტყეებზე გადმოვიდნენ ბავშვები და მოხუცები.“ – განაცხადა გელა შერმადინმა.

გარდა ამისა, შერმადინის თქმით, ახალგორში, 2008 წელს, ტყვიაც კი არ გავარდნილა, „ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით, ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, შემოვიდოდნენ თუ არა ხეობაში რუსები“.

„ჩვენთან, [ახალგორში] არანაირი საბრძოლო მოქმედება არ განვითარებულა, ტყვიაც კი არ გავარდნილა, არანაირი კონფლიქტი ოსსა და ქართველს შორის იქ არ მომხდარა და არც რაიმე სამხედრო დანაყოფი იყო იქ შემოსული. უბრალოდ, 9-10 აგვისტოს შემოვიდნენ ჩვენი სამხედრო დანაყოფები შენობაში მოსახლეობის დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მაინც მთებიდან არ გადმოსულიყვნენ. ფაქტობრივად, ახალგორში შემოსასვლელი გზა არ იყო რომ ტრანსპორტით შემოსულიყვნენ, ერთადერთი გზა იყო ე.წ. ზაყორის ხეობიდან, ყანჩავეთის მხრიდან, საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანები გადმოდიოდნენ, სხვანაირად, პატარა მანქანებით კი არა, ტანკები და “ბეტეერები” ვერ გადმოიყვანეს.

ჩვენთან, ახალგორში შემოვიდნენ როგორც მოგეხსენებათ ზაფხულის პერიოდში და ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, შემოვიდოდნენ თუ არა ხეობაში რუსები, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ამ პანიკურ სიტუაციაში მოსახლეობა, ერთი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, 8-დან 15 აგვისტომდე, ღამე გადიოდნენ ტყეებში და მინდვრებში, გაჰყავდათ მოხუცები და ბავშვები და იქ აფარებდნენ თავს, რომ ღამე უცებ არ შემოსულიყვნენ [რუსები]“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g