დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე თბილისის მერია ტენდერს დაახლოებით ორ კვირაში გამოაცხადებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მუშავდება სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება, შეირჩევა ისეთი კომპანია, რომელიც თბილისში ევროპული სტანდარტის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს შემოიყვანს.
„კონკურსი შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს ისეთივე ხარისხის ავტობუსს, რა პარამეტრებიც აქვთ დღეისთვის თბილისში მომუშავე „მანის“ მარკის ავტობუსებს“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მისივე თქმით, 100 ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებს ამჟამად ქალაქში არსებული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსებს, რომელთაც ექსპლუატაციის პროცესში პრობლემები აქვთ. კითხვაზე, 50 მილიონი ლარიდან რამდენი იქნება გათვალისწინებული ავტობუსების შესაძენად, მუმლაძემ არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ეს საკრებულოში საკითხის შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი და ამაზე მერიის საფინანსო სამსახური მუშაობს.