LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დუეტის პრეზენტაცია ”არ დაიდარდოს” პირდაპირ ეთერში

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” დუეტი ”კახურა” ესტუმრა. მისი წევრები არიან: ფარნა მაყაშვილი და გიორგი ენუქაშვილი.


საიდან ჩამოყალიბდა დუეტის შექმნის იდეა?

ფარნა: – კეთილი იყოს ჩვენი ხმა და ფეხი რადიოსამყაროში. ჩვენი სიმღერის ჩაწერის იდეა გელა გნოლიძესა და ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნით. დავჯექით, წავიღიღინეთ ეს კონკრეტული სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება და მაშინვე შემოგვთავაზეს, რომ ჩაგვეწერა. აღსანიშნავია ჩვენი პაპების მეგობრობა, რომლებიც იყალთოში დაიბადნენ, გაიზარდნენ და მთელი ცხოვრება სიმღერაში გაატარეს. გელა გნოლიძის პაპა გიგლა პაპალაშვილი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ფოლკლორისტი იყო და ჩემი და გიორგის პაპები მეგობრები იყვნენ. ალბათ ამანაც განაპირობა ჩვენი დუეტის ჩამოყალიბება.


რა ჟანრში მუშაობთ და აქამდე რას მღეროდით?

გიორგი: – ბავშვობიდან მიწევდა ფოლკლორთან შეხება. ვმღეროდი თელავის სახელმწიფო ანსამბლში. მუსიკალური განათლება არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ესტრადაც ვიმღეროთ, ჩვენი მოწოდება ქართული ფოლკლორია. რადგან კახელები ვართ, დავიწყეთ კახურით. თუ ჩვენი დებიუტი წარმატებული იქნება, შევქმნით ალბომსაც და უფრო მეტად გავაცნობთ საზოგადოებას თავს. ჩვენი სიმღერები ყოველგვარი დამუშავებისა და ეფექტების გარეშე სრულდება.


რატომ არ მოხდა თქვენი გამოჩენა მაშინ, როდესაც პატარა ბიჭები იყავით?

ჩვენი საქმიანობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუმცა, სისხლის ყივილმა და ერთმანეთის სიყვარულმა დაგვაკავშირა.


რა პრინციპით არჩევთ სიმღერებს?

ფარნა: – შეიძლება იყოს ცნობილი სიმღერაც, თუმცა, ამ ეტაპზე აქცენტი ნაკლებად ცნობილ სიმღერებზე გავაკეთეთ, იმაზე, რაც ჩვენი უფროსი თაობებისგან მოგვისმენია. მე და გიორგის სოფელ-სოფელ გვივლია და ჩაგვინიშნია ესა თუ ის ნაწყვეტი. ასეთი სიმღერა, რომელიც ნელ-ნელა მივიწყებას ეძლევა, საკმაოდ ბევრია. 4-5 სიმღერა ჩაწერისთვის მზად არის, დამატებით ვეძებთ კიდევ ახალ სიმღერებსაც. ჩვენს შეკრებას კომერციული მიზანი არ ჰქონია, თუმცა, ჩვენი პროდიუსერები გელა გნოლიძე და ზაზა ხუბუკელაშვილი პროფესიონალები არიან და არაფერს გამოვრიცხავთ.


თქვენს პაპებზეც ვისაუბროთ…

გიგლა პაპალაშვილის ჩანაწერები უნიკალურია და ოქროს ფონდში ინახება. სამივეს ერთად ნამღერი არ შემოგვრჩა, თუმცა არის ერთი ნაწყვეტი, კადრები, სადაც ერთად მღერიან. მათი ერთად მოსმენა საოცრება იყო. სხვათაშორის, ჩვენ არ გვჭირდება დალევა იმისთვის, რომ სიმღერა მოგვინდეს. თუ გემღერება, მღერი ყველგან.


რამდენად ცნობილია თქვენი დუეტი და გაქვთ თუ არა მიწვევები?

ვერ ვიტყვით, რომ სასურველი სტუმრები არ ვართ, თუმცა, კონკრეტულ ღონისძიებებზე ჯერ არ გამოვსულვართ.


თუ გიფიქრიათ ქალის ჩართულობა თქვენს საქმეში?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, დუეტის ფორმატი არ შეიცვლება, მაგრამ მესამე ადამიანთან თანამშრომლობა გამორიცხული არ არის.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

გიორგი: – სიმღერა თელავის სახელმწიფო ანსამბლის ლოტბარმა მასწავლა, მინდორში ვქეიფობდით, მისგან მოვისმინე და ვთხოვე რომ ესწავლებინა. ვინ დაწერა არ ვიცით, ვეძებეთ ავტორი და ვერ
ვიპოვეთ.

ფარნა: – ეს სიმღერა პირველივე მოსმენაზე შევიყვარეთ. ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ჩემს დაბადების დღეზე იყალთოში, სუფრასთან ვიჯექით და იქ ვიმღერე. გელას გადაუღია და შარშან, ისევ ჩემს დაბადების დღეზე ამიტვირთა და მაშინ ვნახე მეც პირველად. შემდეგ დამირეკა გელამ და მითხრა, რომ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ჩანაწერს და სასწრაფოდ ჩამოდი, უნდა ჩავწეროთო. იმ დღესვე ჩამოვედი. ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა ”ფეისბუქზე”, ხალხი წერდა, რომ სრული ვერსია ჩაგვეწერა და ჩვენც ავდექით და ჩავწერეთ. სიმღერას ჰქვია ”აკვანი”, ჩაიწერა სეუ სტუდიაში.


ამ ეტაპზე დოლი, გარმონი და ფანდური გაქვთ, ხომ არ გეგმავთ სხვა ინსტრუმენტების დამატებას?

რაც დამახასიათებელია ფოლკლორისთვის, ყველა ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება.

დუეტი “კახურა” – აკვანი

AudioDUETI KAXELO – AKVANI

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audio123

დუეტი “კახურა” – ალაზანი. Live

დუეტი “კახურა” – ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები