2016 წელს თბილისში ბევრი ახალი და რაც მთავარია ხარისხიანი გზის მშენებლობა განხორციელდება – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას”, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს დასრულდება ბევრი დაწყებული პროექტი და თბილისისს ასევე შეემატება რამდენიმე ახალი გზა და ესტაკადა.
ამჟამად შესწორებების შეტანით, კვლავ განიხილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შემუშავებული ესტაკადის პროექტი, რომელიც სავარაუდოდ ”ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დაიწყება და სამტრედიის ქუჩას შეუერთდება. გივი კუბლაშვილის განცხადებით, პროექტის განხილვა ისევ გრძელდება.
პუშკინის ქუჩაზე დაწყებული ახალი ესტაკადის მშენებლობა, პროექტის მიხედვით, ივლისის დასაწყისში უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც კუბლაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შესაძლოა ესტაკადის მშენებლობა გაცილებით ადრე, დასრულდეს. ასევე, წელს დასრულდება გზის მშენებლობა 112-ის ოფისიდან ”ვეფხი და მოყმის” ძეგლამდე, ასევე 2016 წელს უნდა ჩაბარდეს და ამოქმედდეს კრწანისი-შინდისის გზა, რომელიც კუბლაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად განტვირთავს თბილისში შემომავალ და გამავალ მოძრაობას, რაც აუცილებელია, თბილისს შემოერთებულ რაიონებში მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტემპის ფონზე.
როგორც კუბლაშვილმა დედაქალაქში ქუჩების მოასფალტების ხარისხზე საუბრისას აღნიშნა, დღესდღეობით თბილისის ქუჩებში გზის საფარის განახლებაზე კომპეტენტური და გამოცდილების მქონე კომპანიები მუშაობენ.