LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი გადმოსახედები და გზები: რაჭა ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ტურისტული სეზონისთვის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი აქტიურად ემზადება.  მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთა ნაწილი ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

როგორც „ფორტუნას“ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა, უწერა შოვის გზის რეაბილიტაციის ორწლიანი გარდამავალი პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო ზაფხულისთვის უკვე დასრულდება.

გარდა ამისა, მისი თქმით, იწყება სოფელ გლოლასა და ღების დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია.

„ძალიან საინტერესო მარშრუტია ღებიდან მესტიის მიმართულებით, სადაც არის ამჟამად საცალფეხო ბილიკები, სამომავლოდ კი მეტი დატვირთვა ექნება ამ გზას. აქვეა სოფელი გონა–ულამაზესი სოფელი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო, რასაც დანარჩენი სიკეთეები მოჰყვება“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

გუბერნატორის თქმით, უახლოეს პერიოდში, რაჭის სივრცით მოწყობაზე კონკურსი გამოცხადდება. სივრცითი მოწყობის გეგმაში იქნება გაწერილი ყველაფერი დეტალურად: თუ სად რა შესაძლებლობები აქვს რაჭას ტურიზმის განვითარების კუთხით.

რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთში ტურისტული გადმოსახედების მოწყობაც იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რა ადგილებზე, ჯერჯერობით, უცნობია. ჩანაფიქრის განხორციელება წელს იგეგმება.

„რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთში მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, გადმოსახედები და ა.შ.“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

პაპუნა მარგველიძის განცხადებით, დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც, რაც ითვალისწინებს ტაძრის რესტავრაციას, ცენტრიდან ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და სხვა…

საჩხერე–რაჭა, ლენტეხი–მესტია – ეს ის მასშტაბური პროექტებია, რომელთა პროექტირება უკვე დაწყებულია. მათი მშენებლობა წელს დაიწყება.

 

2.5 საათში რაჭაში: საჩხერე–რაჭის გზის პროექტირება დაწყებულია

ამ გზის მშენებლობა 2017 წელს, საჩხერიდან დაიწყება, გზა რამდენიმე ლოტად დაიყოფა და მშენებლობაც ნაწილ–ნაწილ განხორციელდება.

„როგორც კი ერთი ლოტის პროექტირება დასრულდება, გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მშენებლობა, პარალელურად მოხდება სხვა ლოტების პროექტირება და კონკურსების გამოცხადება“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ახალი გზა თბილისიდან რაჭამდე მისასვლელ გზას ერთ საათზე მეტით შეამცირებს.

„,ეს გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის არა მხოლოდ რაჭაში, არამედ ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში“, – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ „ფორტუნასთან“.

მისი თქმით, ამ გზის აშენების შემდეგ, ტურისტებს და მოგზაურებს საშუალება ექნებათ მესტიაში ალტერნატიული გზით მოხვდნენ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონის გავლით, რადგან ასევე დაგეგმილია ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის პროექტირებაც უკვე დაწყებულია.

რაჭაში დაგეგმილი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება 2020 წლამდე იგეგმება.

როგორც ცნობილია, გზის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ზემო რაჭაში ჩასვლა ორსაათნახევარში იქნება შესაძლებელი.

რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ ეტაპზე 8 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, თუმცა ახალი პროექტების მიხედვით გამოყოფილი თანხის ოდენობა გაიზრდება

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g