ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული, მეორე კი დადასტურებულთან კონტაქტია.
“დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულებიც მხოლოდ 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მე-2 კი შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ამ ეტაპზე 21 პაციენტი მკურნალობს”, – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პაციენტი არ მკურნალობს და პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დინამიკაში არ ველოდებით, რომ პროგრესიება მოხდება, იმიტომ, რომ პრინციპში მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული. მძიმე პაციენტი არ გვყავს, პაციენტთა უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 895-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2-ით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში “კოვიდ 19” უკვე 741-მა ადამიანმა დაამარცხა.
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 2855, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ 264 ადამიანი იმყოფება. გარდაიცვალა 14 ადამიანი.