LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მაგისტრალი რკინიგზის ნაცვლად – რას ითვალისწინებს თბილისის განვითარების გენგეგმა 

340

ახალი მაგისტრალი რკინიგზის სანაცვლოდ – თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა ქალაქში რკინიგზის ხაზის გაუქმებას და დიდუბე- კახეთის გზატკეცილის შემაერთებელი   გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

თბილისის განაშენიანების გენგეგმის კოორდინატორის, არქიტექტორ გიორგი აბაშიძის,  ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც ვაგზლის რკინიგზის სადგურის გაუქმებას გულისხმობს, 80 ჰექტრამდე ტერიტორია გათავისუფლდება.  ამ სივრცეში კი სარეკრეაციო ზონის, ახალი მაგისტრალური გზის და  მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მოიაზრება.

„თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, თავისუფალ ტერიტორიაზე უპირატესად გამწვანებაა გათვალისწინებული.  თუმცა, ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვის მიზნით,  საცხოვრებელი და  სავაჭრო ზონების მშენებლობაც აუცილებელია.  ყოფილი რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ გენგეგმის მიხედვით, დიდუბე -კახეთის გზატკეცილის შემაერთებელი საგზაო მაგისტრალის მშენებლობაა გათვალისწინებული,“  -განაცხადა „ფორტუნასთან“ გიორგი აბაშიძემ.

პროექტის ავტორების მოსაზრებით,  ახალი  გზა დედაქალაქს საცობებისგან განტვირთავს , მაგისტრალზე განივი გზების მშენებლობა კი ლოტკინის და ნაძალადევის სხვა უბნებს ქალაქის ქვედა ნაწილთან დააკავშირებს.

თბილისში ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის მიზნით რკინიგზის გადატანას მოწინააღმდეგეები ჰყავს არასამთავრობო სექტორში.

ეკოტრანსპორტის ცენტრის დირექტორის, ვასო ურუშაძის, შეფასებით, ახალი გზის მშენებლობა ქალაქში საავტომობილო ნაკადის განტვირთვის თვალსაზრისით დადებითი ეფექტის მომტანი იქნება,  თუმცა  ქალაქიდან რკინიგზის გადატანა  თბილისის ტურისტული პოტენციალზე უარყოფითად იმოქმედებს.

„თბილისის ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად ჩამოყალიბებაში რკინიგზას უდიდესი როლი აქვს.  აეროპორტში ჩამოსული სტუმარი სწორედ ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალით უნდა უკავშირდებოდეს თბილისს , მცხეთას  და ქვეყნის სხვა წერტილებს.  სარკინიგზო ტრანსპორტის  განვითარება არის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ევროდირექტივა,“ – აცხადებს ვასო ურუშაძე.

ქალაქიდან რკინიგზის გადატანის ალტერნატიულ ვერსიად სარკინიგზო ლიანდაგის მიწისქვეშა გვირაბში მოქცევა სახელდება.

„რკინიგზა იმ სახით ,როგორც დღეს არის, პრობლემურია. მატარებლები  არ არის მოსახლეობისგან და საცხოვრებელი ზონისგან იზოლირებული.  შეგვიძლია, ავიღოთ ბერლინის მაგალითი და სარკინიგზო ხაზი მიწისქვეშა გვირაბში გადავიტანოთ. ამით მოიხსნება ქალაქის ქუჩებში სარკინიგზო ლიანდაგების  პრობლემა და მგზავრთა გადაყვანის კუთხით, რკინიგზა ქალაქის ცენტრში კვლავ ხელმისაწვდომი იქნება,“ –  განმარტავს  ვასო ურუშაძე.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“  მმართველობა  წინა ხელისუფლების  მიერ დაწყებული თუ დაანონსებული პროექტების  გაუქმებით დაიწყო. გაუქმებულ და მიტოვებულ  პროექტებს შორის მოხვდა თბილისის შემოვლითი რკინიგზაც.  მაშინ სპეციალისტების დიდი ნაწილი ხელისუფლებას ამ პროექტების გაჩერებას თუ გაუქმებას არ ურჩევდა სწორედ იმ  ნეგატიური გავლენების გამო, რაც ამ გადაწყვეტილებას  რამდენიმე მიმართულებით მოჰყვებოდა.  თუმცა, მაშინ ეს პროექტები მაინც გაჩერდა. ახლა კი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ისევ ცვლის.

თბილისის განაშენიანების გენგეგმის წარდგენა  მერიაში მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი.

როგორც „ფორტუნას“ არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა,   მერაბ ბოლქვაძემ, განუცხადა,  ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტში აქცენტი რეკრეაციულ- გამწვანებულ ზონებსა  და ქალაქის პოლიცენტრულ განვითარებაზეა გაკეთებული.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები