LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი მაქვს,ისეთ ჯოჯოხეთში მოხვდებით, სადაც სველი ხელსახოციც არ გექნებათ,”-რატომ წყდება წყალი

224

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სხვადასხვა სამუშაოს ყოველდღიურად ახორციელებს, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე რჩება. არსებული რეგულაციით, კომპანია ვალდებულია,  მომხმარებელს აცნობოს წყლის მოსალოდნელი შეზღუდვა და ასევე, დრო, როდესაც ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესი დაუგეგმავად გრძელდება და წყლის მიწოდების აღდგენა გვიანდება. ეს კი მოქალაქეებში უკმაყოფილებას იწვევს.

 

მომხმარებლების პრეტენზიები

„ქალაქის რომელიმე უბანში თუ რამე ზიანდება, ჯიქიას ქუჩაზე მე წყალი არ მაქვს. თვეში ეს სულ ცოტა 3 ჯერ მაინც ხდება. სველი ხელსახოცების  შხაპს ვიღებ ხოლმე დილით. ხანდახან გამაფრთხილებელი მესიჯებიც არ მომდის,“ – განუცხადა რადიო „ფორტუნას“ სოსო კაციტაძემ.

კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მუშაობით უკმაყოფილოა თინათინ კაკიაშვილიც.

„ხან მგონია, რომ ამ კომპანიაში ადამიანები არ მუშაობენ. შობის ღამეს დამიწყვიტეს წყალი, მითხრეს რომ დილით აღდგებაო, შემდეგ გადაავადეს დღის 12 საათამდე, მერე ოთხზეო, ამასობაში დავურეკე ბევრჯერ. დავიჯერო პრაღაში, ლონდონში, ბერლინში ან ევროპის სხვა ქვეყნებშიც იღებენ მსგავს მესიჯებს? როგორც ისინი ახერხებენ პროფილაქტიკურ სამუშაოებს წყლის დაწყვეტის გარეშე, ისე მოახერხონ ამათაც”.



რას ამბობს სემეკი

ხშირად, დაზიანება ერთსა და იმავე უბანში ხდება.  ვინ არის პასუხისმგებელი მოსახლეობისთვის წყლის უწყვეტად მიწოდებაზე და შესაძლებელია თუ არა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გაკონტროლება – „ფორტუნა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს გიორგი ფანგანს ესაუბრა.

„წყლის მიწოდების აღდგენის გადავადებასთან დაკავშირებით რეგულაციები არ არსებობს.  თუ 48 საათის განმავლობაში მოქალაქეებს წყალი არ მიეწოდებათ, კომპანიამ ის ალტერნატიული წყლით უნდა უზრუნველყოს. თუმცა, ეს არ არის პრობლემის მოგვარება. ეს არის პრობლემის გადავადება. პრობლემის მოგვარება არის დიდი ინვესტიციები ქსელში  და ზოგადად,  ქსელის სრული რეაბილიტაცია.  ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო გეგმა 2017 წელს განხორციელდება. რამდენიმე წელიწადში თბილისის წყალმომარაგების პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.  სამწუხაროდ, ავარიების დროს, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია განსაზღვრა, თუ რა ვადაში  მოხდება აღდგენა. იყო შემთხვევა, როცა ავარიის ადგილზე გარკვეული დაშენებები იყო და საჭირო გახდა ამ შენობების დემონტაჟი, იმისთვის რომ კომპანია დაზიანებულ მილამდე მისულიყო. ეს პროცესი კი დროში იწელება. რეგულაციის თანახმად,  კომპანია ვალდებულია მაქსიმალური სიზუსტით აცნობოს მომხმარებელს აღდგენის დრო, თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ობიექტური მიზეზების გამო ეს შეუძლებელია“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკის წევრი სხვა ქვეყნებთან პარალელსაც ავლებს და აღნიშნავს, რომ „დასავლეთის  ქვეყნებშიც ხდება წყლის მილებზე ავარიები და მათი რეაბილიტაცია, ეს ხდება ისე როგორც საქართველოში. უბრალოდ საქართველოში ეს  რამდენიმე წლის წინ დაიწყო, იქ კი ერთი საუკუნის წინ. ჩვენთან, სამწუხაროდ, 20-25 წელზე მეტია არაფერი გაკეთებულა, ბოლო წლებია რაც მილების გამოცვლა-რეაბილიტაცია ხდება.  მინდა მომხარებლები დავამშვიდო, რომ მიმდინარე და მომდევნო წელს უკეთესი მომსახურება იქნება.“

 

რას პასუხობს GWP მომხმარებლების ბრალდებებს

თავად კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყლის მიწოდების აღდგენის გადავადებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.

„წყალმომარაგების ქსელზე ნებისმიერი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოს წარმოება მილების წყლისგან დაცლას მოითხოვს. ტემპერატურის მკვეთრი კლება და ცვლილება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე  ზრდის დაზიანების, მათ შორის,  ფარული დაზიანების რისკს, რომელთა სადიაგნოსტიკო და ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები გარკვეულ დროს საჭიროებს.

რაც შეეხება სამუშაოების გადავადებას, ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად,  თბილისში ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც შენობები აშენებულია სანიტარული ზონების დარღვევით, ანუ ჩვენს მილსადენებზე. წარმოიდგინეთ, რა სირთულის სამუშაოს ასრულებს ჩვენი ტექნიკური პერსონალი, როდესაც ზიანდება ნაგებობის ქვეშ გამავალი მილი. ამ დროს პრაქტიკულად შეუძლებელია  მძიმე ტექნიკის გამოყენება და ბრიგადები ხელის სამუშაო ხელსაწყოებით აწარმოებენ დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოებს. გადავადება შესაძლოა მოხდეს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, დაზიანების ხარისხის გამო კი არ აღადგინოს, არამედ შეცვალოს დაზიანებული ინფრასტრუქტრურა. შესაძლოა ამან გაახანგრძლივოს წყალმომარაგების შეზღუდვა, მაგრამ სამაგიეროდ, რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა უზრუნველყოფილია სტაბილური წყალმომარაგებით,“ – განუცხადეს რადიო „ფორტუნას“ კომპანიაში.

მათივე თქმით, მოძველებული წყალმომარაგების მილი ხშირად სხვადასხვა მონაკვეთში ზიანდება, რის გამოც  წყალმომარაგების შეზღუდვა ერთი და იგივე არეალში ხდება. ასეთ შემთხვევაში კომპანია გეგმავს დაზიანებული მონაკვეთის სრულ შეცვლა-განახლებას.

ქეთი გიგოლაშვილი

პოპულალურები