LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მაგისტრალური გზები კახეთში სოფლების გვერდის ავლით დაპროექტდება – მარშრუტები ცნობილია

35

თბილისიდან კახეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტირება იწყება. როგორც ”ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ლილოდან დაიწყება და საგარეჯომდე ან სართიჭალამდე გაგრძელდება.

გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, შემდგომ დასახლებული პუნქტების გვერდის ავლით, მაგისტრალი შემოუვლის სოფლებს და ბაკურციხეში ჩავა, სადაც, თავის მხრივ, ისევ გაიყოფა და ჩრდილოეთისკენ, თელავის მიმართულებით წავა.

”მაგისტრალი აქ შეურთდება ახმეტა-ჟინვალის მონაკვეთს, რომლის რეაბილიტაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ასევე, ბაკურციხიდან მაგისტრალი სოფლების ავლით გაკეთდება აღმოსავლეთისკენ – წნორისა და ლაგოდეხის მიმართულებით” – განუცხადა ”ფორტუნას” სეთურიძემ.

მისივე თქმით, ბაკურციხე-გურჯაანის მიმართულებაზე უკვე არსებობს პროექტი და კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება. დაგეგმილია, სოფლების გვერდის ავლით, მაგისტრალის პროექტირება გურჯაანიდან თელავამდე და მისი დაკავშირება გომბორისა და ახმეტის გზებთან.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სრული პროექტირება დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. ამის შემდეგ გაირკვევა პროექტის ღირებულებაც.

”ამ ეტაპზე 23 ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რამდენიმე მათგანი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლამდე დავასრულოთ ყველა პროექტი” – აღნიშნა სეთურიძემ.