ავიაკომპანია Turkish Airlines თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, თურქული ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) განახორციელებს. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ანკარა-თბილისი-ანკარა ახალ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Turkish Airlines-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.