კომპანია Mitsubishi–მ მეოთხე თაობის Outlander–ის პირველი ოფიციალური ვიდეო გაავრცელა. კროსოვერი ამჟამად საბოლოო ცდებს გადის და 16 თებერვალს მისი საერთაშორისო პრემიერაა დაგეგმილი, მოდელის პრეზენტაცია აწ უკვე ტრადიციულ, ონლაინ–ფორმატში გაიმართება.
თიზერში სიახლე მთლიანად კამუფლაჟშია გახვეული, თუმცა მისი ვიზუალი ავტომოყვარულებმა კარგა ხნის წინ გაიგეს, რადგან ავტომობილის გადაღება პაპარაცებმა შეძლეს. ფლაგმანმა კროსოვერმა მთავარი ხაზები 2019 წლის შოუ–ქარი Engelberg Tourer–ის ისესხა. მათ შორის წინა და უკანა ნაწილის გაფორმება და რადიატორის ბადის ფორმა.
რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, მწარმოებელი დეტალებს ჯერ–ჯერობით არ ამხელს, თუმცა ექსპერტთა ვარაუდით, მოდელი 2,5 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავს მიიღებს და აგრეგატს 184 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ევროპაში Mitsubishi–ს ფლაგმანი ჰიბრიდული ძრავითაც იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე თაობის სიახლე თავდაპირველად აშშ–ს, კანადის და პუერტო რიკოს ბაზრებზე გამოვა.