27 აპრლიდან ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა და მათ შორის, ონლაინ ვაჭრობაზე. ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების დიდმა ნაწილმა, სწორედ ამ დღიდან, საქმიანობა საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე განაგრძო. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „ახალი ნათებაა“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თემურ არდოტელი იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი. მან ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებსა, თუ ცვლილებებზე, რომლებიც „ახალ ნათებაში“ მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
-რამდენიმე დღიანი ჩავარდნის შემდეგ, განაახლეთ ონლაინ ვაჭრობა… როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენად აქტიურია ამ მხრივ მომხმარებელი?
ჩვენი კომპანია ონლაინ გაყიდვების კუთხით, შესაბამისი რესურსებითა და პლატფორმებით აქამდეც მომზადებული იყო. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგად გამართული ონლაინ რესურსები, როგორებიც არის: ვებგვერდი, აპლიკაციები „აიოს“ და „ანდროიდ“ სისტემებისთვის. შესაბამისად, ტქენოლოგიურად ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის და უკვე რომ მივიღეთ სახელმწიფოსგან ონლაინ გაყიდვების განხორციელების ნებართვა, ძალიან მარტივად გადავერთეთ ონლაინ პლატფორმაზე. მომხმარებელი პირველ დღეებში ძალიან აქტიური იყო.. ე.წ შეგუბების ეფექტის დამსახურებით.
–რამდენი დასახელების და რა პროდუქციაა წარმოდგენილი კომპანიის ონლაინ კატალოგში?
დაახლოებით 10-დან 12 ათასამდე დასახელების პროდუქციია ჩვენს კატალოგში ატვირთული.
-რა სიტუაციაა ამ დროისთვის „ახალი ნათები“ მაღაზიებში?
მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე, მაღაზიების საცალო ქსელი გაჩერებულია 20 მარტიდან. ამჟამად, ვმუშაობთ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ გაყიდვების კუთხით, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ ლოჯისტიკური რესურსები, საწყობი და საკურიერო ინფრასტრუქტურა. ამასთან, უკვე მომზადებულები ვართ იმ პერიოდისთვისაც, როცა მთავრობა დაგვრთავს ნებართავს, მაღაზიების ოპერირების განახლების. ჩვენთან უსაფრთხოების კუთხით დაცული და გათვალისწინებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.
-მას შემდეგ რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, „ახალმა ნათებამ“ რა ღონისძიებები გაატარა, covid 19-თან ბრძოლაში საკუთარი წვლილი რომ შეეტანა?
პირველ რიგში, მოვახდინეთ თანამშრომლების დისტანცირება, ვისიც შეიძლებოდა. მერე უკვე დანარჩენ მოთხოვნებს მივყევით. უსაფრთხოებიოს კუთხით რაც იყო რეკომენდაციები, ზედმიწევნით ვიცავდით და ვახორციელებდით. გარდა ამისა, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, stop cov ფონდში განვახორციელეთ დონაცია. ამასთან, შევინარჩუნეთ კადრები, უხელფასოდ არც ერთი თანამშრომელი არ დაგვიტოვებია, ვინარჩუნებთ ყველა კადრს..
-არსებული ეპიდ.სიტუაცია, ცხადია, თქვენს გაყიდვებზე გავლენას იქონიებდა. რამდენად დიდია ზარალი?
რა თქმა უნდა, ამ კრიზისს გავლენა ჩვენზეც აქვს, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ იმ ინდუსტრიებიდან იყო, რომლებსაც შექმნილმა სიტუაციამ ყველაზე მეტად დაარტყა, ეს არის: ტურიზმი, ჰორეკა სექტორი… თუმცა, კონკრეტული გათვლების გაკეთება ძნელია, რადგან არავინ იცის, ფსკერი სად არის და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეკონომიკური სტაგნაცია და როდიდან შეიძლება, დავიწყოთ უკან დაბრუნების პროცესი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს კომპანიას აქვს იმის ძალა და რესურსი, რომ ეს კრიზისი გადალახოს.
–როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის – რა გეგმები აქვს „ახალ ნათებას“?
პირველ რიგში, დავიწყებთ იმ გეგემების განხორციელებას, რომლებიც მანამდე გვქონდა, სანამ ეს პრობლემები დაიწყებოდა. ეს იყო: ჩვენი ახალი ინვესტიცია აჭარის რეგიონში, ვაპირებდით იქ უფრო გაგვემყარებინა პოზიციები. იგეგმებოდა ახალი ფილიალის დამატება დედაქალაქშიც… ჩვენი საინვესტიციო გეგმები დააპაუზა ამ პროცესმა, მაგრამ უარს არაფერზე ვიტყვით და სამომავლოდ, ამ გეგმებს აუცილებლად განვახორციელებთ.