როდესაც ასპარეზზე ახალი თაობა გამოდის, იცვლება არა მხოლოდ გემოვნება, არამედ თამაშის წესებიც. ჯენზი – ციფრულ რეალობაში გაზრდილი, ალგორითმების შემქმნელი და ბრენდების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი თაობა – მარკეტინგის სფეროსა და სარეკლამო ინდუსტრიას ახალ პირობებს უყენებს. ტრადიციული რეკლამა, რომელიც ოდესღაც მასობრივი გავლენის მთავარი ინსტრუმენტი იყო, დღეს ჯენზისთვის მხოლოდ ფონური ხმაურია. რა მუშაობს თაობაზე, რომელიც ყიდულობს ღირებულებებს და არა მხოლოდ პროდუქტს?
ალექსანდრე ჩომახიძე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი:
– სარეკლამო ინდუსტრია და ზოგადად მარკეტინგი მართლაც სრულად შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ციფრულმა პლატფორმებმა. დღეს უკვე კომპანიებმა მომხმარებელი შეიძლება იმიტომ დაკარგონ, რომ სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდები არ ჰქონდეთ მოწესრიგებული. განსაკუთრებით ჯენზი აფასებს ყველაფერს ციფრულად, იმიტომ, რომ ეს არის თაობა, რომელიც დაიბადა ციფრულ სამყაროსთან ერთად. მე, მაგალითად, სკოლაში პრეზენტაციას რომ ვაკეთებდი, დიდი შავი ენციკლოპედიის გარდა, რომელიც, ალბათ, ყველას აქვს სახლში, არაფერი მქონდა. მაშინ ყველაზე დიდ წინსვლად ვიკიპედია ითვლებოდა.
ჯენზის გავლენით, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული მარკეტინგის საშუალებები ნაკლებად ეფექტური გახდა, მაგალითად, საბანერე რეკლამები, სატელევიზიო სარეკლამო რგოლები… თუმცა ბრენდის ცნობადობისთვის ისინი ჯერ კიდევ საჭიროა, კომპანიები ტრადიციულ მარკეტინგს ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მიმართავენ, ის ჯერ კიდევ მუშაობს უფროსი თაობის ადამიანებზე. თუმცა სარეკლამო კამპანიების წარმოებისას კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჯენზიც, რადგან ისინი არიან სრულფასოვანი, გადახდისუნარიანი ადამიანები, მათი მომავალი კლიენტები.

– ჯენზიმ ხელი შეუწყო ინფლუენსერების დომინაციას სოციალური მედიის პლატფორმებზე. განსხვავებით უფროსი თაობისგან, მათ უფრო მეტი ნდობა უჩნდებათ იმ პროდუქტებისა თუ სერვისების მიმართ, რომლებსაც სწორედ ინფლუენსერები უწევენ რეკლამას. რატომ არის ჯენზისთვის მნიშვნელოვანი რეკლამის, ასე ვთქვათ, გაპიროვნება?
– ჯენზი არის ის თაობა, რომელსაც არ მოსწონს ე.წ. პრიალა მარკეტინგი. მათ ურჩევნიათ, იცოდნენ კომპანიის შიდა სამზარეულო, გააჩნია თუ არა ამ კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობა, გადამუშავებული მასალებით თუ მზადდება პროდუქტები, იტესტება თუ არა ისინი ცხოველებზე და ა.შ. უნდა ვაღიაროთ, რომ მილენიალები ბრენდებს ვერთგულებდით ისე, რომ ამ ნიუანსებს დიდად არ ვაქცევდით ყურადღებას. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რამდენად კრეატიულად გვაწვდიდა კომპანია პროდუქტის შესახებ ინფორმაციას.
და რაც ყველაზე მთავარია, ინფლუენსერების მიმართ დამოკიდებულება ჯენზიმ ორად გაყო: თუ ადრე ჩვენ ვენდობოდით იმ ინფლუენსერებს, რომლებსაც მილიონობით გამომწერი ჰყავდათ, ჯენზიმ წინ წამოწია მიკროინფლუენსერები, ისინი, ვინც ერთ კონკრეტულ პროდუქტზე საუბრობენ, ერთ კონკრეტულ მიმართულებაში ერკვევიან კარგად, მაგრამ არ ჰყავთ დიდი აუდიტორია. ჯენზი ფიქრობს, რომ როდესაც ადამიანს მილიონობით გამომწერი ჰყავს და ყველა პროდუქტის გარეკლამებაზეა თანახმა, ნაკლებად სანდოა. ამასთან, ჯენზიზე არ მუშაობს ე.წ. აგრესიული მარკეტინგი, რთულია მისი თაღლითურ ფინანსურ სქემებში ჩათრევა. ეს არის ის თაობა, რომელიც არის ჩვენი ყველაზე კარგი კრიტიკოსი, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ, მათ ობიექტურად შეუძლიათ შეფასება, რამდენად კარგად მივდივართ წინ.

– ჯენზიმ ტრადიციული მარკეტინგი, ფაქტობრივად, უგულებელყო იმიტომ, რომ არ სურს იყოს მანიპულაციების მსხვერპლი, მაგრამ რამდენად არის დაცული იმისგან, რომ ინფლუენსერი მას უვარგის პროდუქტს არ „შეასაღებს“?
– ჯენზის აქვს ორი უნარი, რითაც ვერ ტყუვდება. მაგალითად, თუ ჩვენ გულდასმით ვუყურებდით სარეკლამო რგოლებს, ჯენზი პირველ სამ წამში თუ არ დაინტერესდა, აღარ აგრძელებს ყურებას. და მეორე, ისინი მიკროინფლუენსერებს უფრო ენდობიან, იმიტომ, რომ იციან, რომ ეს ადამიანი კვალიფიციურია კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, მე შემიძლია ციფრულ მარკეტინგზე ლაპარაკი, მაგრამ უცებ მოდაზე და ქალების ჩაცმულობაზე რომ გადავერთო, მაშინვე ვიქცევი მათთვის არასანდო ადამიანად. მსოფლიოშიც უკვე, ჯენზის გავლენით, ინფლუენსერები, რომლებსაც მილიონობით გამომწერი ჰყავდათ, შეკვეთებს ვეღარ იღებენ, რადგან ჯენზიმ სხვა თაობებსაც დაანახა მათი არასანდოობა.
– ბაზარზე ოპერირებებენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, ყველა ასაკის მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტი ან სერვისი აქვთ, თუმცა მარკეტინგულ გათვლებში ხანდახან მარცხს განიცდიან ხოლმე. არის ეს დაკავშირებული ჯენზის სამომხმარებლო ქცევის გაუთვალისწინებლობასთან?
– ჯენზის აინტერესებს გამჭვირვალობა. კი, შესაძლოა, მე ვიქირავო ძალიან კარგი მსახიობი და გადავიღო ძალიან მაგარი რეკლამა, მაგრამ ჯენზის აინტერესებს უფრო კომპანიის დამფუძნებლის, დირექტორის, თანამშრომლების გამოჩენა. ისინი არ უყურებენ რეკლამას, როგორც რეკლამას, არამედ უყურებენ, როგორც კონტენტს. ამჟამად პოპულარულია ვიდეოები, სადაც ადამიანი შედის კომპანიაში და თანამშრომლებს ესაუბრება, კითხვებს უსვამს. სწორედ ჯენზია ასეთი ვიდეოების ძირითადი მაყურებელი. მაგალითად, კომპანიის „ტოიტა“ აღმასრულებელი დირექტორი გადადგა და თანამდებობა შვილს დაუთმო, რადგან ჩათვალა, რომ აღარ ესმოდა ახალი თაობის მომხმარებლების. ჩვენი თაობა თუ მიიჩნევს, რომ „ტოიოტას“ ავტომობილი გამძლეობით გამოირჩევა, ჯენზის მხოლოდ ეს ინფორმაცია არ აკმაყოფილებს. მაგალითად, ელექტროავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი ჩინური ბრენდი, რომელიც უშუალო ვიდეოებს იღებს ხოლმე, ჯენზის სახით აქტიური მაყურებელი ჰყავს, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, ვინ ქმნის ამ ავტომობილების დიზაინს, ვინ ქმნის სოფტს და სხვა, რაც ზრდის მათში ამ ბრენდის მიმართ სანდოობას.

– ფაქტობრივად, ჯენზი დეტალებზეა ორიენტირებული და არა საბოლოო პროდუქტის თვისებებზე.
– დიახ, პროდუქტის შესაფასებლად უფრო ნიუანსები აინტერესებთ.
– არსებობს კომპანია, რომელიც საკუთარ წარმატებას სწორედ ჯენზის უმადლის?
– ეს არის ტიკ-ტოკი, კომპანია, რომელმაც ინფორმაციის სწრაფად გავრცელება გახადა შესაძლებელი, რაც ჯენზის ძალიან მოსწონს. მან ჩვენს ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა, დიდ ქრონომეტრაჟიან ვიდეოებს უკვე ჩვენც ვეღარ ვუყურებთ. ტიკ-ტოკი თავდაპირველად მუსიკალურ პროგრამად იყო ჩაფიქრებული და ByteDance ერქვა და ის ისე წასწია წინ ჯენზიმ, რომ ეს კომპანია ერთ-ერთ მზარდ სოციალურ ქსელად იქცა. მეტიც, ჯენზისთვის საძიებო სისტემაც კი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ტიკ-ტოკი განავითარა ჯენზიმ და ასევე, ტიკ-ტოკი მონაწილეობდა ჯენზის ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს მისი ისეთი გამოყენება, როგორიც მსოფლიოში, რადგან ქართული აუდიტორია საკმაოდ ტოქსიკურია. ეს კი იმითია განპირობებული, რომ ის, სამწუხაროდ, მხოლოდ ჯენზისგან არ შედგება.
– ხელოვნური ინტელექტის როლზეც ვისაუბროთ მარკეტინგსა და სარეკლამო ინდუსტრიაში. ჯენზი ამ ინსტრუმენტის დომინაციასაც უწყობს ხელს. ხომ არ უნდა ველოდოთ ციფრული მარკეტინგის ტრანსფორმაციასაც?
– ხელოვნურმა ინტელექტმა ისედაც საინტერესო სფერო კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ხელოვნური ინტელექტი არ გვართმევს საქმეს, ის გვართმევს რუტინას და გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო შემოქმედებითები ვიყოთ. ტიკ-ტოკმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს მისცა თვითგამოხატვის საშუალება. თუ მანამდე ოპერატორი მჭირდებოდა ვიდეოს გადასაღებად, დღეს შემიძლია ჩემივე ტელეფონით ვიყო კრეატიული. ჯენზი არის თაობა, რომელმაც არ იცის, რა იყო ხელოვნურ ინტელექტამდე, იციან, რომ მისი საშუალებით უნდა იმუშაონ ან მასთან ერთად. ხელოვნური ინტელექტი დიდი დახმარებაა ადამიანებისთვის და ჯენზი კიდევ უფრო კარგად დაგვანახებს ამას.