LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობისთვის ნებართვა ჯერ არ გაუციათ

85

ამ ეტაპზე ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ან ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობისთვის ნებართვის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, “ეიპიემ ტერმინალს ფოთსა” და “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გრიგოლ კაკაურიძემ აღნიშნა, სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მივესალმებით ახალ ინიციატივებს აღნიშნულის მიმართულებით. ამასთან, ამ ეტაპზე ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ან ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ სამინისტროსთვის არ მოუმართავს სამშენებლო ნებართვის მიღების მოთხოვნით. მსგავსი შუამდგომლობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებითა და პროცედურებით შეისწავლის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გრიგოლ კაკურიძემ.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 12 იანვარს „ეიპიემ ტერმინალს ფოთსა“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ფოთში ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის საკითხზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმი 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობისთვის ითვალისწინებს. კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შესძენს საქართველოს სატრანზიტო დერეფანს. ახალი ტერმინალის აშენება განიხილება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე და მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს” (APM Terminals Poti) შესაძლებლობა აქვს, გააფართოვოს ფოთის პორტი ჩრდილოეთის მიმართულებით ,,ჩრდილოეთ ტერიტორიის” ფარგლებში, რომელიც მოიცავს მშრალი ნაყარი ტვირთების საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განვითარებასა და ექსპლუატაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g