დედაქალაქის მერის ინიციატივით, ქალაქს უახლოეს პერიოდში შესაძლოა, კიდევ ორი ახალი სარეკრეაციო ზონა, ანუ საქალაქო პარკი ჰქონდეს. თემქის ხევი და დიღმის ჭალები, ესაა სწორედ ის ორი ლოკაცია, სადაც თავდაპირველად ტერიტორიის კვლევა უნდა ჩატარდეს, შემდეგ შემუშავდეს პროექტი და დაიწყოს პარკების მოწყობა.
დიღმის ჭალების შემთხვევაში, 200 ჰექტარსა და თემქის ხევის შემთხვევაში 30 ჰექტარზე გადაჭიმული მწვანე, ქაოტური ნარგავების გარშემო რომ სარეკრეაციო ზონა უნდა გაკეთებულიყო, ეს წერია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაშიც, რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არაა მიღებულია და რომლის მიღებაც ივნისის თვის ბოლოს იგეგმება. თუმცა მანამდე, როგორც „ფორტუნას“ გენერალური გეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე უყვება, სწორედ მათი შეთავაზება იყო, რომ ამ ტერიტორიებზე ნომერ პირველ ამოცანად მომხდარიყო ზონების მოწესრიგება და იქ პარკისა და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა.
მათ ეს ინფორმაცია მერიას 2016 წლის მარტში მიაწოდეს. 2 წლის შემდეგ კი საკითხი დაიძრა.
„ეს შეთანხმებულია ჩვენთან და გენგეგმის მასალებიდანაა. ეს არის კარგი და დროული წინადადება და ვფიქრობ, რომ ეს ის ლოკაციებია, რომელიც კარგად დაგვანახებს, რამდენად კარგი იქნება ამგვარი საპარკო მასივების შექმნა, მათ შორის, ლანდშაფტების დაცვის, ეკოლოგიის თვალსაზრისით. რეკრეაცია სჭირდება მოსახლეობას, დაბალია მაჩვენებელი გამწვანებისა და რეკრეაციის მხრივ, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში და იგივე თემქაზე. ეს არის ორ დიდ მიკრორაიონს შორის მდებარე ხევი, რომლის შესწავლაც მოხდება. იქ არის კოლექტორი, გახსნა მოხდება ამის და საპარკო ზონად გადაქცევა. კარგი იქნება თუ საპარკო მშენებლობაში მონაწილეობას მოსახლეობაც მიიღებს და მოუვლიან ამ ტერიტორიას,“ – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გენგეგმაში ასეთი საკითხების ჩაწერა არ ხდება, ამ ორ ლოკაციაზე შესაძლებელია, მოეწყოს როგორც მოსასვენებლი, ასევე გასართობი და სხვა ზონები. თუმცა, ამის მოწესრიგება შესაძლებელია ტერიტორიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეტაპებად და ზონებად მოხდეს.
„ეს ტერიტორიები ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ აქ შეიძლება მონაკვეთებად დაიყოს და გარკვეულ ეტაპებზე მოხდეს გაშენება, ეს ფინანსებს საჭიროებს, მოგეხსენებათ. დაგეგმარდეს ისე, რომ აქ იყოს აქტიური დასვენების ზონა, პასიური დასვენების ზონაც, ლანდშაფტური ზონაც, იყოს რაღაც გამწვანების მონაკვეთებიც. დიღმის ჭალებში ბუნებრივ ლანდშაფტში მოედინება მტკვარი, ანუ ადამიანებს საშუალება ექნებათ დასვენების, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გლდანისა და დიდი დიღმის მოსახლეობისთვის, არამედ ქალაქისთვისაც. ასევე, ამ ტერიტორიაზე საცალფეხო ქვეითთა ხიდიც გვაქვს მონიშნული, რომ ადვილად მოხდეს დაკავშირება ორივე სანაპიროსი. რაც შეეხება თემქის ხევს, აქ კარგი იქნება, როგორც აქტიური, ასევე პასიური დასვენების სივრცეები. იქ მოსახლეობა ცხოვრობს და მათ სჭირდებათ საბავშვო მოედნებიც, პასიური დასვენებისთვის ამ ხეობაში ჩასვლა და ცხელ საღამოებში გაგრილება. მრავალფუქნციურად შეიძლება ამ ტერიტორიების გამოყენება და არა მხოლოდ ხეები დაირგას და მორჩა. თუმცა, პირველ რიგში, უნდა იყოს პროექტი და შემდეგ მერიამ განსაზღვროს, როგორ და რამდენ ეტაპად გამოაცხადოს ტენდერი. იქნება ეს 2-2, 3-3 ჰექტარზე თუ სხვა ფორმით. კარგია, რომ ერთიანად შეძლოს მერიამ განაშენიანება, მაგრამ რაკი ეს დიდ ფინასნებს მოითხოვს, შესაძლებელია მონაკვეთებად დაიყოს,“ – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
გარდა იმისა, რომ ამ ორ ლოკაციაზე უკვე დაიწყო საუბარი, გენერალურ გეგმაში თბილისის მასშტაბით, ახალი პარკების მოწყობაზეა საუბარი კიდევ 7 ლოკაციაზეც. მათ შორის ვარკეთილში, ვაზისუბანში, დირსის ტერიტორაზე, დიდ დიღომში და სხვა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. 7-ვე ლოკაცია მუნიციპალური საკუთრებაა, რაც მერიას დამატებით ბერკეტს მასზე მართვა-გამგეობის მოსაპოვებლად არ შეუქმნის.
გენერალური გეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი ასევე იმედოვნებს, რომ დიღმის ჭალების განაშენიანებასთან ერთად, დიდი დრო დაეთმობა წყლის ხარისხის კონტროლსაც, რადგან მოქალაქე, რომელიც ახალ პარკში მივა და მტკვარში გაგრილებას გადაწყვეტს, ამ დროისთვის მტკვარი არ იყოს დაბინძურებული და ამან მოქალაქეებს ხელი არ შეუშალოს სრულყოფილ დასვენებაში.
დედაქალაქის მერიაში ჯერჯერობით ამ ახალი პროექტების შესახებ დეტალებზე საუბარი უჭირთ, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი თამარ შარაშიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ამ ორი ლოკაციის კვლევა, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი პროექტზე და ამის შემდეგ დაიგეგმება მშენებლობის დაწყება. ეს შესაძლებელია იყოს 2019 წლის მეორე ნახევარიც.
თამარ შარაშიძეს უჭირს დააკონრეტოს, რა დრო დასჭირდება ამ ტერიტორიებზე პარკების მოწყობას, რა ტიპის პარკებზეა საუბარი და ასევე, რა ფინანსები დასჭირდება.
„პირველი ეტაპი არის კვლევის ჩატარება. კვლევამ უნდა გვითხრას, როგორ უნდა მოეწყოს ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე. ამ კვლევამ უნდა გვითხრას, რა იქნება საინჟინრო კუთხით დასაგეგმეი და გასაკეთებლი, რომ შემდეგ მომზადდეს პროექტი,“ – აღნიშნა თამარ შარაშიძემ.
იდეას მიესალმება, თუმცა განხორციელების გზებზე რეკომენდაციები აქვს „პარტიზანი მებაღეობის“ წევრს ნატა ფერაძეს. ის მერიას სთხოვს, რომ პროექტზე მუშაობისას მოქალაქეების აზრიც გაითვალისწინოს.
„კარგი პარკის გაშენებას, რომელიც უნდა მოიცავდეს მცენარეებს, სარწყავ სისტემას, სკამებს, ბილიკებს, 500 კვადრატული მეტრის პარკის შემთხვევაში, დაახლოებით 100 ათასი ლარი სჭირდება. არ მგონია ამ პარკის მოწყობას წლები დასჭირდეს, წლები შეიძლება დასჭირდეს დარგულ ხეებს, რათა წამოიზარდოს და დაბუროს, თუმცა, სანერგეები გვაძლევს საშუალებას, რომ კარგად მოზრდილი ხეებიც შევიძინოთ. ამასთან, დიდ პარკებზე მეტად ქალაქს სჭირდება ბევრი პატარა სკვერები. ევროპული სტანდარტებით და ევროკოდებით ფეხით მოსიარულეს 15 წუთში ერთხელ უნდა ხვდებოდეს სკვერი, იმიტომ რომ სოლოლაკში მცხოვრებ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს ბავშვის მანქანაში ჩასმა და ვაკის პარკში აყვანა. თუმცა, ცალსახად კარგია ეს, იმიტომ რომ გარეუბნებში არაა დიდი პარკები და კარგია ამის აშენება,“ – აცხადებს ნატა ფერაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.
ქეთი გიგოლაშვილი