Toyota Land Cruiser–ის ახალ თაობას ავტოსამყარო დიდი ინტერესით ელის, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის რომ სიახლე პაპარაცთა ობიექტივში უკვე ძალიან ბევრჯერ მოხვდა. Toyota–მაც როგორც იქნა გადაწყვიტა, რომ ოფიციალური თიზერი გაევრცელებინა და თან პრემიერის თარიღიც გაეჟღერებინა. დებიუტი მოსალოდნელზე ცოტა უფრო გვიან, 9 ივნისს შედგება.
6 წამიანი რგოლი ანონსით, Toyota–ს ახლო აღმოსავლურ Youtube–არხზე გავრცელდა და ყველგანმავალს იქ Teaser 1 უწოდეს. მოსალოდნელია, რომ პრემიერამდე დარჩენილ დღეებში იაპონური ბრენდი დამატებით თიზერებს გამოაქვეყნებს, თუმცა კროსოვერის ვიზუალი უკვე კარგა ხანია საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.
ინსაიდერებმა ქსელში არამხოლოდ ფოტოების, არამედ ტექნიკური დეტალების გავრცელებაც მოასწრეს. Land Cruiser, ინდექსით 300, ახალ პლატფორმაზე TNGA-F–ზე აიგება. მისი ძრავა 3,5 ლიტრის მოცულობის V6 გახდება და 415 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. ხელმისაწვდომი იქნება ასევე დიზელის V6–იც, რომლის სიმძლავრეც 41 ცხენის ძალით გაიზრდება. ორივე აგრეგატი 10–დიაპაზონიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.