30 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მსახიობი და მუსიკოსი მალხაზ აბულაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– ბატონო მალხაზ, როგორი მოგწონთ შვილთან ერთად მუშაობა?
– რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მით უფრო, რომ სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტეთ ერთობლივი პროექტის გაკეთება.
– რამდენადაც ვიცი, ანასტასია მუსიკითაცაა გატაცებული?
– კი, არაჩვეულებრივად უკრავს დრამზე. პანდემიის დროს ჩემი ძველი ნამუშევრები დავამუშავეთ, ჩავწერეთ და ვიდეოებიც გამოვაქვეყნეთ.
– როგორც ჩაიარა მაისის თვეში „მოძრაობის თეატრში“ მოწყობილმა კონცერტმა?
– ძალიან კარგად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახა ბაკურაძეს, რომელმაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ კონცერტის მოწყობის შესაძლებლობა მომცა.
– როდის შექმენით მუსიკალური ჯგუფი?
– 1990-იანი წლების ბოლოს შევიკრიბეთ, 2002-ში კი, ალბომი გამოვუშვით.
– მსახიობების ოჯახში გაიზარდეთ და ბავშვობიდან თეატრით იყავით გატაცებული, როდის დაინტერესდით მუსიკით?
– მუსიკაც ბავშვობიდან მიყვარს. ჯერ ქალაქურ სიმღერებს ვმღეროდი და ვუკრავდი მამას გიტარაზე, მერე ფოლკლორით, ბოლოს კი, როკით დავინტერესდი.
– როგორ შეიქმნა ჯგუფი „მახო და მეგობრები“?
– ბათუმში ჩავედით დედის სანახავად და სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე კაფე, სადაც ცოცხალ მუსიკას უკრავდნენ, გიტარაზე შემომთავაზეს დაკვრა, მერე კი, ჯგუფის შექმნა გადავწყვიტეთ.
– როგორ მუშაობთ როლზე და ეცნობით საკუთარ პერსონაჟს?
– ყოველ ახალ პერსონაჟში ჯერ საკუთარ თავს ვეძებ, მერე კი, მის მაქსიმალურად გავრცობას და გამდიდრებას ვცდილობ. ყოველთვის ძალიან საინტერესოა პერსონაჟის ძიება და მისი ხასიათის კვლევა, რაც ზოგჯერ მარტივად, ზოგჯერ კი, რთულად, მხოლოდ სპექტაკლების დროს გამოდის.
– რამდენად სწრაფად პოულობთ საერთო ენას რეჟისორებთან?
– უპირობოდ ვენდობი და ვასრულებ ყველა მოთხოვნას თუ რეჟისორი მომწონს, თუმცა ძალიან მიჭირს მასთან მუშაობა, ვინც არ მომწონს.
– რამ შეიძლება გაიძულოთ რეჟისორთან მუშაობაზე უარის თქმა?
– უამრავი მიზეზი არსებობს. თუ კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, არც მუშაობა გამოდის, ამიტომ უმჯობესია დროულად შევწყვიტოთ თანამშრომლობა.
– კინო უფრო ახლობელია თქვენთვის თუ თეატრი?
– რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული სფეროებია განსხვავებული სპეციფიკით, მაგრამ ორივე ერთნაირად მომწონს. მართალია კინომსახიობი ვარ, მაგრამ მაინც განვიცდი კამერის დეფიციტს. ძალიან გამიმართლა, რადგან ნიჭიერი რეჟისორებისა და ოპერატორების წყალობით მაინც შევძელი კამერასთან მუშაობის სწავლა.
– ბავშვობაში რა პროფესიის არჩევას ნატრობდით და როგორ მიიღეს თქვენი არჩევანი ოჯახის წევრებმა?
– მთელი ბავშვობა კულისებში გავატარე, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა თეატრი. აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის, რადგან ერთგვარი ტრადიცია გავაგრძელე.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– ახლა ჰენრიკ იბსენის ნაკლებად ცნობილ პიესაზე „ჯონ გაბრიელ ბორკმანზე“ ვმუშაობ ამერიკელ რეჟისორთან ერთად, რომელსაც არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ცხოვრების უზარმაზარი გამოცდილებაც აქვს, რადგან რუმინეთში დაიბადა და მხოლოდ მოგვიანებით გაემგზავრა ამერიკაში. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მასთან თანამშრომლობა, ამიტომ სიამოვნებით ვმუშაობ ახალ სპექტაკლზე, რომლის პრემიერა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს შედგება.
– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?
– ვფიქრობ, მთავარი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა საკუთარ პროფესიაში.
– რომელ რეჟისორთან ისურვებდით თანამშრომლობას?
– სტივენ სპილბერგთან.
– რომელ მსახიობს და როლს გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
– ძალიან მიყვარს ჯეკ ნიკოლსონი და მისი რენდელ მაკმერფი ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.
– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?
– ბუნებაში.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– საკმაოდ სწრაფად, ხშირად ვშიშობ კიდეც ზედმეტად ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხომ არ მივიღე.
ბლიცკითხვები:
– როგორ იწყება თქვენი დილა?
– ყოველთვის განსხვავებულად.
– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?
– ფეხბურთის გულშემატკივრობა უფრო მომწონს.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– საკუთარ თავს.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართვათ დღის განმავლობაში?
– „აუჰ!“
– რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ?
– გიტარაზე, დრამსა და ჰარმონიკაზე.
– როგორი მაყურებელი მოგწონთ?
– ყურადღებიანი.
– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?
– ღიმილი.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– თქვენ დაგხატავდით.
– თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობაა.