LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკრძალვა და სიმკაცრე მოზარდთან მიმართებაში  შედეგს არ იძლევა

ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი მიიჩნევს, რომ აკრძალვა და სიმკაცრე მოზარდთან მიმართებაში  შედეგს არ იძლევა. როგორც „ფორტუნას“ ზარდალიშვილმა განუცხადა, აღზრდის დროს მშობლებმა პოზიტიური  განმტკიცების პრინციპი უნდა გამოიყენონ. ფსიქოლოგის თქმით, ყოველთვის ჯობია ბავშვს უთხრა რა გააკეთოს, ვიდრე რა არ გააკეთოს. გარდა ამისა, ზარდალიშვილი მშობლებს ურჩევს  ბავშვები  წაახალისონ და მოეფერონ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარებულა და მხოლოდ ამ პრინციპით არის ბავშვის აღზრდა გამართლებული.

რაც შეეხება მოზარდის  ქცევის ცვლილებას, ზარდალიშვილის თქმით, ამას ყოველთვის აქვს მიზეზი. „თუ შენიშნეთ, რომ ბავშვი მოწყენილია, მარტოა, ხანდახან ეტირება, მაშინ იცოდეთ, რომ ამას აქვს მიზეზი. ამ დროს, მშობელი უნდა მივიდეს  ფსიქოლოგთან, რომელიც ურჩევს რა  გააკეთოს, საჭიროების შემთხვევაში ასწავლის, როგორ დაითანხმოს მოზარდი ფსიქოლოგთან მისვლაზე“ – განაცხადა მან.

ლევან ზარდალიშვილი მიიჩნევს, რომ ოჯახის ფაქტორი მოზარდის ხასიათზე ხშირად აისახება. ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა ორივე მშობელმა უნდა მიიღოს. „ყველა ბავშვი უნიკალურია, მოექეცით მას როგორც ინდივიდს, იგი აზროვნებს და საკუთარი ემოციები აქვს, შესაბამისად გაუწიეთ ანგარიში, იმოქმედეთ მისი პიროვნებიდან გამომდინარე  და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მის ნაცვლად. თუ ბავშვი არის 5-6 წლის და უნდა თამაში, არ დაუშალოთ, რადგან მას ეს თამაში უფრო ზრდის, ვიდრე არითმეტიკის ან უცხო ენების შესწავლა“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g