LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: გაერთიანების გადაწყვეტილება პრაგმატულია, რადგან ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა ,,ქართული ოცნება”, ვერცერთი ვერ გადავლახავდით ბარიერს – ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ

130
ალეკო ელისაშვილი

გაერთიანების გადაწყვეტილება არის პრაგმატული, რადგან ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა ,,ქართული ოცნება”, ვერცერთი ვერ გადავლახავდით ბარიერს, ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოში” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატის თქმით, „ლელოსა“ და მას შორის კომუნიკაცია დაიწყო იმით, რომ თვითონ მიწერა “ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბადრი ჯაფარიძეს, რის შემდეგაც ერთმანეთს „გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ“.

მისივე თქმით, გაერთიანების გადაწყვეტილება არის პრაგმატული, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ “ქართული ოცნების” დამარცხებას.

„ეს პრაგმატიზმი საქართველოს სიყვარულით არის ნაკარნახები, ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც არ უნდა ნუ დაიჯერებს. თუ სწორად გავაანალიზებთ ისტორიას, მტერი მხოლოდ მაშინ გვერეოდა, როდესაც ვიყავით გათითოკაცებულები და ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ჩვენი ხასიათიდან, ჩვენი ამბიციურობიდან გამომდინარე, ხშირად, როცა ვაგებდით, ამის მიზეზი იყო, რომ ერთმანეთისადმი ჯავრი გვქონდა ქართველებს და ერთი სული გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაგვესწორებინა და საერთო მტერზე არ ვფიქრობდით.

ყველას აინტერესებს, როგორ დაიწყო კომუნიკაცია ჩვენს შორის, მე მივწერე ბადრი ჯაფარიძეს და რამდენიმე წუთშივე იყო პასუხი, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. შევხვდით შემდეგ ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით და ქართულად, ადამიანურად, კაცურად გადავწყვიტეთ, რომ წყენა უნდა დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ. ახლა მიდის შერწყმის პროცესი, გვყავს ძალიან კარგი შტაბის უფროსი, დავით გამყრელიძე. საჯარისო ქვედანაყოფში შტაბი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, 80-90% გარანტორი სწორად დაგეგმილი ოპერაციის. ჩვენი შტაბი ჩაიბარა ძალიან გამოცდილმა გენერალმა, დავით გამყრელიძემ, რომელიც არის ძალიან სუფთა წარსულის და ძალიან საქმიანი მენეჯერი და არ აქვს პოლიტიკური მოტივაცია. მე და ჩემი გუნდი, ჩვენი მხრივ რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, თავს არ დავზოგავთ კოალიციაში ჩვენი წვლილის შესატანად.

ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველას ვაჩვენეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, მაგრამ ახლა იმასაც ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ წყენებზე მაღლა დადგომა ქვეყნის ინტერესისთვის, ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს. თუკი ვინმეა ისეთი, ვინც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს. აქ ორი ამბავი გვაქვს, ერთი, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და სიმდიდრისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და მეორე, რომ მექანიზმები შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ, როგორიცაა პროკურატურა, სასამართლო. პოლიტიკა უნდა გახდეს იდეების ჭიდილი და არა ის, რასაც ახლა აკეთებს ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები