პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ქვეყანაში უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
როგორც სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ამ დროისთვის, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.
„მათ [მიგრანტებს] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს, მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს.
ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია, შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.