LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა:”ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განვითარების მიმართულება და ასევე, უმაღლესი განათლება”

220

“ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს საერთაშორისო სემინარის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ის განათლების ყოფილ მინისტრთან ერთად აპირებს, რომ ჩაატაროს სანიმუშო გადაბარება.

„ჩვენი საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ყოველთვის კავშირშია რაღაც ლამის ანტაგონიზმთან. ჩვენმა წინამორბედებმა ადრე შექმნეს ასეთი მითი, რომ როცა მინისტრი იცვლება, ეს არის ტრაგედია და ხანდახან მედიაც ასე აშუქებს. ჩვენ ეს მითა უნდა დავამსხვრიოთ. ეს აბსოლუტურად ჰარმონიული პროცესია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ყველას დავანახოთ, რომ ეს გადაბარება იქნება ძალიან კონსტრუქციული. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აშენდა აქამდე და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განვითარების მიმართულება და ასევე უმაღლესი განათლება.

„სასკოლო განათლების განვითარების მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, თუნდაც იგივე მასწავლებელთა განვითარების, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ვფიქრობ, გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ რეგიონში მოწინავე მომწოდებელი უმაღლესი განათლების”, – განაცხადა განათლების მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებებს არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში არ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g