20 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭა. ჯილდო მისი სახელით შვილმა, დარია ნავალნაიამ მიიღო, რომელიც ევროპარლამენტში სიტყვით გუშინ გამოვიდა.
დარია ნავალნაიას სიტყვით გამოსვლამ ევროპარლამენტარებზე შთაბეჭდილება მოახდინა – მას სიტყვა აპლოდისმენტებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. მთავარ აქცენტი, რაზეც ნავალნის შვილმა ყურადღება გაამახვილა, ევროპის ე.წ. „პრაგმატული პოლიტიკა“ იყო. გთავაზობთ ამონარიდს დარია ნავალნაიას სიტყვით გამოსვლიდან:
„ეს არის სახაროვის პრემია, ანდრეი სახაროვი კი, ალბათ, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე არაპრაგმატული ადამიანი იყო. ვერ ვიგებ, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, ვინც დიქტატორებთან პრაგმატულ ურთიერთობებს ემხრობა, ისტორიის სახელმძღვანელო გადაშალონ. სწორედ ეს იქნება პრაგმატული ნაბიჯი. ამით მარტივი იქნება გარდაუვალი პოლიტიკური კანონის გაცნობიერება: დიქტატორების და ტირანების დაშოშმინება არასდროს მუშაობს“, – თქვა დარია ნავალნაიამ
მან „პრაგმატიკოსებს“ მოუწოდა კალკულატორი აიღონ და დაითვალონ თუ რა უჯდებათ ეს პრაგმატიზმი. როგორც პატიმრობაში მყოფი ნავალნის შვილი აცხადებს, ვერაფერი გადაწონის იმ დანაკარგს, რაც ვლადიმერ პუტინთან ლაქუცის წლებმა გამოიწვია. ნავალნის შვილმა ასევე მაგალითად მოიყვანა ბორის ნემცოვი, რომელიც კრემლის კედელთან ჩაცხრილეს, ახსენა დანაშაულები, რომლებიც ლონდონში თუ ბერლინში რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს.
„პუტინთან ლაქუცის წლებმა მას აჩვენა, რომ რეიტინგის გასაზრდელად ომის დაწყება არაა საჭირო. რა დაუჯდება ევროპას ომი უკრაინასთან? ახლაც კი, მიუხედავად ინფორმაციისა, რომ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან არიან, ამაზე არავინ საუბრობს. ვერანაირი პრაგმატული ვაჭრობა და თანამშრომლობა ვერ აღადგენს პირდაპირ დანაკარგს, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის ფასზე, რომელიც თქვენნაირმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა დახარჯეს უკრაინა-რუსეთის პრობლემის მოგვარებაზე საკუთარი ქვეყნის პრობლემების მოგვარების ნაცვლად.
ახლა ვიცით, რომ პუტინის სპეცსამსახურებში შეიქმნა ნამდვილი ტერორისტების ჯგუფი, რომელიც ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოს და სამართლის გარეშე კლავს. ისინი ახლოს იყვნენ დედაჩემის მკვლელობასთან, თითქმის მოკლეს მამაჩემი. ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ხვალ ევროპელი პოლიტიკოსები კარის სახელურთან შეხების შემდეგ უცბად არ დავარდებიან. თქვენ ხომ ზრდით ბიუჯეტს პოლიციისთვის და ბევრ ფულს უყოფთ სპეცსამსახურებს. თქვენ ხარჯავთ მილიარდობით დოლარს, რომ გამონახოთ ტოქსიკური ნივთიერებების გამოვლენის ახალი გზები. ეს ყველაფერი პრაგმატიზმის შედეგია,“–აღნიშნა საკუთარ სიტყვაში ნავალნაიამ.
როგორც მანვე აღნიშნა, პრაგმატიზმის უკან იმალება ცინიზმი, პირფერობა და კორუფცია. რუსი ოპოზიციონერის შვილმა პუტინის კორუფციაზეც მიუთითა და თქვა, რომ ევროპული ბანკები პუტინის და მისი მეგობრების მილიარდებს ათეთრებენ.
„ევროკავშირი გასაოცარი სასწაულია, შექმნილი იმ ერების მიერ, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდნენ და მიუხედავად ყველა სირთულისა და პრობლემისა, განაგრძობს არსებობას. მჯერა, რომ მომავალში ჩემი ქვეყანაც გახდება მისი ნაწილი
ის ფაქტი, რომ ევროპული ბანკები პუტინის და მისი მეგობრების მილიარდებს ათეთრებენ, რომ პუტინის ოლიგარქების იახტები სენსაციას ახდენენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომ რუსეთის და ბელარუსის უმაღლესი თანამდებობის პირების 99% პირდაპირაა დაკავშირებული დანაშაულებთან, მაგრამ თავისუფლად შეუძლიათ ევროპაში იმგზავრონ, მიუთითებს, რომ ბევრი მათგანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ამ დაპირისპირებაში პატარა ბრძოლების მოგებასაც არ ცდილობს.
ვფიქრობ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დიქტატორებისთვის მიმართვის, მათი არგაბრაზების და მაქსიმალურად დიდხანს მათი დანაშაულების იგნორირება არ არის პრაგმატული მიდგომა. დროა პირდაპირ ითქვას: პრაგმატიზმის უკან იმალება ცინიზმი, პირფერობა და კორუფცია,“- აღნიშნა დარია ნავალნაიამ და დასკვნით ნაწილში მამაზე ისაუბრა.
„როცა მამას მივწერე და ვკითხე, რა უნდოდა რომ თქვენ წინაშე გამოსვლისას მეთქვა, მიპასუხა: „თქვი, რომ არავინ უნდა დასვას ტოლობის ნიშანი რუსეთსა და პუტინის რეჟიმს შორის. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვიბრძვით, რომ მართლაც გავხდეთ მისი ნაწილი. მაგრამ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს საკუთარი თავისთვის, იმ ბრწყინვალე პრინციპებისთვის, რომელიც მის საფუძველში დევს. ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, რომელიც განასახიერებს ადამიანის უფლებების ზეიმის იდეას, დემოკრატიას და ერთობას. არ გვსურს ისეთი კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც ოცნებობენ, მიიღონ სამსახური პუტინის სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოში, ან გაისეირნონ ოლიგარქების იახტებზე“.
დღეს ამ სცენაზე ვიღებ ამ აღსანიშნავ ჯილდოს მამაჩემის, ალექსეი ნავალნის ნაცვლად, გიხდით მადლობას თქვენ და თქვენი სახით მივესალმები იდეების და პრინციპების ევროპას. ევროკავშირი გასაოცარი სასწაულია, შექმნილი ერების მიერ, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ერთმანეთთან ომობდნენ. მიუხედავად ყველა სირთულისა და პრობლემისა, ევროკავშირი განაგრძობს არსებობას. მჯერა, რომ მომავალში ჩემი ქვეყანაც გახდება მისი ნაწილი.
დასკვნით ნაწილში მოვიყვან ჩემი დიდი თანამემამულის სიტყვებს, რომლის სახელსაც ეს ჯილდო ატარებს. „რაღაც მხრივ ჩემი ბედი გამონაკლისი იყო. არა ცრუ თავმდაბლობის, არამედ სიზუსტის სურვილით შევნიშნავ, რომ ჩემი ბედი ჩემს პიროვნებაზე მასშტაბური აღმოჩნდა. მე ვცდილობდი საკუთარი ბედის დონეზე ვყოფილიყავი“. იმედი მაქვს, რომ გვეყოფა ძალები, საკუთარი ბედის დონეზე ვიყოთ.
თავისუფლება ალექსეი ნავალნის,“- განაცხადა ევროპარლამენტში დარია ნავალნაიამ.
