LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგეთის, ლაგოდეხისა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე 34 000 ჰექტარი ტყე უკეთ დაცული იქნება: ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

99
Untitled design (1)

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ახალი პროექტი იწყება – ის ალგეთის, ლაგოდეხისა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდება და 34 000 ჰექტარი ტყის დაცვასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ბიუჯეტი 48 000 აშშ დოლარია (211 000 ევრო).

როგორც გაეროს განვითერების პროგრამაში აცხადებენ, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მართვის გეგმებს შეიმუშავებს და ახალ ტურისტულ სერვისებს დანერგავს.

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება მრავალენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ.

პროექტის განხორციელება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა ევროკავშირისა და UNDP-ის ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება.

22 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ლაგოდეხის ეროვნულ პარკს ეწვივნენ და პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული ლოკაციები დაათვალიერეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ განაცხადა ახალი ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მიიღო, უზრუნველყოფს ტყის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, მისი სტატუსისა თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად:

“კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ტყის მართვის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის პრაქტიკულ დანერგვა”.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, შეიმუშაოს ეფექტიანი მექანიზმები ტყის მდგრადი მართვისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას:

“ტყეები ევროპული მწვანე შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირის მიდგომა აღიარებს, რომ ტყეები და მათთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც კლიმატისადმი მედეგი ეკონომიკის მშენებლობაში, ისე სოფლის განვითარებაში”.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ანნა ჩერნიშოვას თქმით, პროგრამის ხელშეწყობით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას თავისი მდიდარი ტყეები:

“წელს მსოფლიომ ტყის გამანადგურებელი ხანძრები იხილა, რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ძვირფასი ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, კლიმატის სტაბილურობასაც ემსახურება. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას თავისი მდიდარი ტყეები, შექმნას გარემოსადმი მეგობრულ ეკონომიკური შესაძლებლობები და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგას ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონია დამყარება.” – თქვა ანნა ჩერნიშოვამ.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. დახმარების მიზანი სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და სოფლის განვითარებაში მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვაა.