LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alioni – ქართველი ახალგაზრდების მიერ ხის ნარჩენების მართვისთვის შექმნილი აპლიკაცია

213
001

28-30 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, Social Impact Award-ის (SIA) საერთაშორისო სამიტი გაიმართება. წელს მას საქართველოდან Impact Hub Tbilisi-ს მიერ სტარტაპ პრეაქსელერატორის ფარგლებში გამოვლენილი სამი საუკეთესო გუნდი დაესწრება.

ერთ-ერთი გუნდის პროექტის სახელწოდებაა Alioni. ეს კავკასიის რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ხის ნარჩენის მოცულობის, მის გამო გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად, ალტერნატივად, ხის ნარჩენისგან დამზადებული ბიოსაწვავის გამოყენებას სთავაზობს.

„ფორტუნა“ პროექტის ერთ-ერთ ავტორს თამარ ლოგუას გაესაუბრა:

– ჩვენი პროექტის იდეა  გარემოსადმი ღრმა ზრუნვისა და მდგრადი პრაქტიკის გადაუდებელი აუცილებლობის გაცნობიერების შედეგად გაჩნდა – რაც უფრო მეტს ვიგებდით ნარჩენების არარაციონალურად გამოყენებისა და გარემოზე ამ ყველაფრის ზეგავლენის შედეგების შესახებ, მით მეტად ვგრძნობდით საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ვალდებულებას. ამიტომაც მიზნად დავისახეთ შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც ადამიანებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკოლოგიურად სუფთა არჩევანის გაკეთების სწავლებაზე იქნებოდა ორიენტირებული. გვჯერა, რომ გარემოს დაცვის  გაცნობიერებულ ძალისხმევას არსებითი და მასშტაბური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.

– პროექტის სახელწოდებასა და თანამოაზრეების შესახებაც მოგვიყევით.

– გარდა იმისა, რომ Alioni ქართულად ახალი დღის დასაწყისს, სიახლესა და გამოფხიზლებას ნიშნავს, სახელწოდებას ასეც ვშიფრავთ – Ali (ცეცხლის ალი) on (მუდმივად მანათობელი). იდეა მე და ჩემი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, პროექტის ტექნიკურ ლიდერს (Tech-lead) გიორგი ბუკიას გვეკუთვნის. გიორგის გამოცდილება აქვს Web&App დეველოპმენტში, არის სხვადასხვა წარმატებული პროექტის თანადმფუძნებელი (track life – offline emergence system, convobridge). ჯგუფის დანარჩენი წევრები, რომლებიც გარემოს მდგრადობის შესახებ ჩვენს ხედვას იზიარებდნენ, თანდათან შემოგვიერთდნენ.

 – როგორია თქვენი აპლიკაციის მუშაობის პრინციპი, რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა და ამჟამად რა ეტაპზე ბრძანდებით?

–  Alioni არ იქნება უბრალოდ აპლიკაცია – გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას ხე-ტყის ნარჩენის რაციონალურად გამოყენებაზე და ალტერნატივად ვთავაზობთ ბრიკეტს (ეკოლოგიურად სუფთა მყარი ბიოსაწვავი), ვაპირებთ შევქმნათ Alioni Tracker, რომელიც ხის ნარჩენისთვის განკუთვნილ ბუნკერებში დამონტაჟდება. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, რა რაოდენობის ნარჩენია ამჟამად რეგიონში და განსაზღვრავს, რა სახის დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ამ ნარჩენის გამოყენებას. მომხმარებელი ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავის შეძენისას დაინახავს, რა რაოდენობის ხე-ტყე გადაარჩინა.

ამჟამად სენსორების შესაძენად და აპლიკაციის ბოლომდე ასაწყობად ინვესტორებს ვეძებთ. მალე გამოვუშვებთ დემო ვერსიის, რომლის გამოყენებაც ყველას შეეძლება. ახლო მომავალში, ასევე, ვაპირებთ ბრიკეტების მწარმოებლებთან კომუნიკაციას, მათთან თანამშრომლობას და ჩვენი აპლიკაციის პირველ ეტაპზე მათი პროდუქტის გაყიდვას, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლების მოზიდვას და სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. პროექტის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის რეგიონში პირველი აპლიკაციაა, რაც ცხადყოფს, რომ მსგავსი ფორმით პრობლემის გადაჭრა აქამდე არავის უცდია.

– რა შეგძინათ Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობამ?

– უპირველესად, თავდაჯერებულობა. ვიმუშავეთ პროფესიონალებთან, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. მათი მხარდაჭერა დღემდე გრძელდება და ეს დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, ფართო საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და რაც შეიძლება მეტ ადამიანში გავზარდოთ გარემოსდაცვითი პასუხისმგელობის გრძნობა.

– რა მოლოდინები გაქვთ ბელგრადის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით?

– სერბეთში საქართველოს სახელით ვიზიტი ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. გარდა იმისა, რომ უცხოელ მონაწილეებს ჩვენს პროექტსა და ცოდნას გავუზიარებთ, ასევე, გავეცნობით სხვათა პროექტებსა და გამოცდილებას და კავშირებს დავამყარებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარებიან.

 – როგორ ხედავთ თქვენი სტარტაპის მომავალს?

– როგორც პროექტის მენეჯერს მჯერა, რომ ჩემი გუნდი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. დიდი იმედი მაქვს, შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას – ადამიანები გარემოს დაცვის კუთხით მეტად გააცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას  და ნაკლები ხე-ტყის მოხმარებით დაკმაყოფილდებიან. სამომავლოდ, მეტი ნარჩენის გადამუშავების მიზნით, საჭირო დანადგარების შეძენასა და ბრიკეტების წარმოებას ვგეგმავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები