LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ ინფო“ 220 000 ლარამდე დააჯარიმეს – რას აცხადებენ პარტიაში

210
ალტ ინფოს

აუდიტის სამსახურმა პრორუსულ და ძალადობრივ პარტია „ალტ-ინფოს“ შავი ფული აღმოუჩინა. ფულის წარმომავლობა უცნობია.

აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ 220 000 ლარამდე დააჯარიმა.

როგორც აუდიტის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, უწყება „ალტ-ინფოს“ 2021 წლის დეკლარაციის არასრულად შევსებასა და არაფულადი შემოწირულებების დამალვას ედავებოდა.

„კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:

1. პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში, კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება, იმის შესახებ თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა როგორც გახსოვთ ოფისების დიდი ნაწილი მათ სწორედ დეკემბერში გახსნეს.

2. შემოწირულებების დამალვა- საუბარია არაფულადი შემოწირულების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს.

ასევე პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა (ანუ ჯერ ოფისი გახსნეს და ხელშეკრულება მოგვიანებით გააფორმეს) ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია.

პარტიაში აცხადებენ – არ გვქონია არც ფულადი შემოწირულება და არც ხარჯიო, ეს ოფისები რადგან გაიხსნა და აქტივობები განახორციელეს, ეს ითვლება არაფულად შემოწირულებად, რაც უნდა დეკლარირებულიყო არაფულად შემოწირულებად“.- განგვიცხადეს უწყებაში.

აუდიტის სამსახურის გაანგარიშებით, პარტიის მიერ ჯამში არადეკლარირებულმა ხარჯებმა 72 ათასი ლარი შეადგინა. კანონმდებლობის მიხედვით, პარტია უნდა დაჯარიმდეს თანხის ორმაგი ოდენობით. სამსახურის თქმით, სასამართლოში პარტიის 216 000 ლარის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართეს.

„მოვითხოვეთ დაჯარიმება, საბაზრო ფასით, ოფისების ქირაობა და ბრენდირებული რემონტი, დაახლოებით 72 ათასი ლარი გამოდიოდა და კანონი ითვალისწინებს, რომ ეს თანხა, რაც არაა დეკლარირებული, ეს თანხა ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს და პლუს დაჯარიმდეს ამ თანხის ორმაგი ოდენობით“. – განუცხადეს „ფორტუნას“ აუდიტის სამსახურში.

როგორც „ტვ პირველთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„პარასკევს გამოგვიტანეს ეს ჯარიმა. დაახლოებით 220 000 ლარია და გამოგვიტანეს თითქოს არასწორი ხარჯვა თუ რაღაც ეგეთი… ყველაფერი ჩანდა, ერთადერთი მანდ თემა ჰქონდათ რემონტთან დაკავშირებით, რომელიც ზოგმა მეიჯარემ გაარემონტა თავისი.

შარი მოგვდეს, რა , მოკლედ რომ გითხრათ. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუნქციონირება. არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც, მაგრამ ბოლოს თუ მაინც მიიღებენ ამის გადახდის საბოლოო ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩილებით კანონს“, – განაცხადა მორგოშიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g