LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალტ-ინფოს” ხალხი მარნეულში ჩამოვიდა და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ – სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა შსს-ს ზომების მიღებას სთხოვს

160
Untitled design (7)

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ემუქრებიან და ორ დღეს აძლევენ.

ამის შესახებ ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს.

ბაირამოვას თქმით, მას მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც მარნეულში პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა:

“ალტ-ინფოს” ხალხი დღეს ჩამოვიდა მარნეულში და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ.

სასაცილო ესაა, რომ მისამართი შეეშალათ და მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან და ამბობენ, რომ თურმე მე საკრებულოს დეპუტატი ვარ. ნუ შემაშინებთ, სიმართლე გაიმარჯვებს. რელიგია თქვენი იარაღია, არა რწმენა, მოღალატეები, გამყიდველები! არც ერთში არაა კაცური სახე, რას ჰგავს ეს ბნელები.

სახელმწიფო ჯერ ვერ ხედავს, ესენი რა საფრთხეს ქმნიან მოქალაქებისთვის და სახელმწიფოსთვის.

მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი! იმოქმედეთ! იმედი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებს შესაბამის ზომას”, – წერს ბაირამოვა “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, სამირა ბაირამოვამ 14 მარტს “კონსერვატიული მოძრაობის” მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ მუქარის სამიზნე გახდა.

დღესვე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დეპუტატებმა კითხვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში ანგარიში წარადგინა.

დეპუტატებმა ნინო წილოსანმა და თეონა აქუბარდიამ მუქარასთან დაკავშირებით შს მინისტრს რეაგირება სთხოვეს:

“როდესაც რუსეთის მხრიდან შიშის დათესვის მცდელობაზე ვსაუბრობთ, მინდა იმ დაუცველობის განცდაზე გკითხოთ, რომლის დათესვასაც ქვეყნის შიგნით ცდილობს ღიად პრორუსული ორგანიზებული ძალა. ამ ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიწყეს შიშის დათესვა საქართველოს რეგიონებში. გეკითხებით, რა რეაგირება ჰქონდათ სამირა ბაირამოვას განაცხადზე, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ძალადობრივი ჯგუფები.

მაქვს კითხვაც – რა რეაგირება გაქვთ “ალტ-ინფოს” მუქარაზე ჟურნალისტების მიმართ. კერძოდ, ქეთი თუთბერიძის, რატი წვერავასა და მიხეილ დარბაიძის მიმართ, – იკითხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

კიდევ ერთმა დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა შს მინისტრ სთხოვა, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს ამ მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება:

“ჩემი თხოვნა იქნება, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება. სამირას პროტესტს მოჰყვა კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის მუქარები და იღებდა მუქარის შემცველ გზავნილებს”, – თქვა წილოსანმა.

ამის საპასუხოდ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაწყებული.

მინისტრის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება:

“გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენებები მოგვცა, გამოვკითხეთ და ამას ბოლომდე მივყვებით”, – აღნიშნა გომელაურმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები