24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს გოგონას მამა, ავთო კუჭუხიძე ესაუბრა.
ლიკა კუჭუხიძის მამა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ამ დროისთვისაც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია. ავთო კუჭუხიძე ტკივილით იხსენიებს ქალიშვილის მეუღლეს, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ბაჩო ლასარეიშვილს და აღნიშნავს, რომ ბაჩო განსაკუთრებული, გულთბილი და კეთილი ადამიანი იყო.
დაშავებული გოგონას მამა საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან მაინტერესებს ასეთი ცრუ ინფორმაცია საიდან გაქვთ… მე თვითონ დავწერ და გავახარებ სრულიად საქართველოს…“ – აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის დედა მიმართვას ავრცელებს
„დღე და ღამე ჩვენს შვილთან ვართ, ჩვენ არაფერი ვიცით და თქვენ საიდან გაქვთ ამდენი ცრუ ინფორმაცია?“
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ჭორები ვრცელდება, ვინ რას წერს, ვინ რას ავრცელებს… ათასნაირ ჭორს ვკითხულობ, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ოჯახის წევრებზე, ნათესაობაზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმედ არის, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია ჩემი ქალიშვილი დღესდღეობითაც, ის ებრძვის სიკვდილს, ექიმები იმედს გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა კონტაქტური არ არის ჯერჯერობით, იმიტომ, რომ სჭირდება რაღაც პერიოდი ხელოვნურ ძილში ყოფნა, რადგან ძალიან დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ისეთი დიდი ტრავმები აქვს მიღებული, დრო სჭირდება მდგომარეობიდან, რომ გამოვიდეს ადამიანი.
ახლა გვაქვს კიდევ ოთხი, ხუთი დღე ძალიან კრიტიკული და ამ კრიტიკულ დღეებს აუცილებლად გადალახავს ჩემი შვილი, მე მჯერა ამის, ჩემი შვილი ძლიერი ადამიანია და მწამს უფლის, მთელი საქართველო ლოცულობს ჩვენთან ერთად. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, მინდა ყველას უფალმა უბოძოს ყველაფერი კარგი, ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს თითოეული მათგანი. თქვენ არ იცით, როგორი დიდი იმედი და ძალა ხართ ჩვენთვის.
ბაჩო ისეთი თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, ისეთი იყო ბევრი გაცნობაც არ სჭირდებოდა. საოცრად კარგი ბიჭი იყო, ძალიან ბედნიერები იყვნენ. ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ მეტი არ შეიძლება, უსაზღვრო სიყვარული ჰქონდათ, ბედისწერას ვერ გაექცევი ადამიანი და მოხდა ეს ტრაგედია. უნდა ვილოცოთ. ახლა უფრო მაგრად დავრწმუნდი იმაში, რომ თურმე ჩვენ ქართველებს გვერდში დგომა ვიცით. სულ სხვა ერი ვართ, აქამდეც დარწმუნებულები ვიყავი, მაგრამ ახლა დავინახე როგორი გვერდში დგომა ვიცით. დიდი მადლობა ყველას“
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. დაშავებული ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობას საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება და მხარდაჭერა მოჰყვა.
შეგახსენებთ, ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
იხილეთ ვრცლად
