მღვდელ-მონაზონი კირიონი (ონიანი) გარეჯის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციული ხასიათის ტექსტს აქვეყნებს. განცხადება საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
„2012 წლის 6 მაისს ამოვიდნენ აზერბაიჯანლები და დაიკავეს უდაბნოს მონასტერი.
ვინც არ ყოფილა და არ იცის, „უდაბნო“ არის მცირე ვარძიასავით. ეს არის 69 სენაკი, თავისი უნიკალური კედლის მხატვრობით, რასაც გარეჯული სკოლა ჰქვია.
ამ მოვლენამ საბოლოოდ მოსპო ჩვენი ნდობა ხელისუფლებისადმი. მივხვდით, რომ ხელისუფლება არა თუ ვერ აგვარებს ჩიჩხიტურის პრობლემას, აზერბაიჯანლები უფრო მეტად შემოიჭრნენ და უკვე უდაბნოს იკავებენ! ჩვენს ხელისუფლებას რომ გარეჯის პრობლემის მოგვარებაზე ეზრუნა, უდაბნოს თემა არ დადგებოდა. ამიტომ ჩვენი ნდობის რესურსი ხელისუფლების მიმართ უკვე მთლიანად ამოიწურა. მივხვდით, რომ აქ რაღაც სულ სხვა პოლიტიკაა და ეს რეჟიმი არის ჩართული მიწის გადაცემაში აზერბაიჯანისთვის.
მაშინ უკვე მივმართეთ მკაცრ პროტესტს; მოვაწყვეთ აქციები. უდაბნოში 8 ათასი ადამიანი ამოვიდა. თუმცა ცდილობდნენ დავებლოკეთ; იყო დაშინებები სუს-ისგან, პოლიციისგან, იდგა პატრული, მანქანებს არ უშვებდნენ. მაგრამ ხალხი მაინც მოვიდა, ხალხის ამხელა აღელვებული ტალღა ვერ შეაჩერეს!
…მაისში სამიტი ჩატარდა ნატოში; იქ სააკაშვილი და ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპისთვის აზრებაიჯანს უნდა გადაეწია თავისი მესაზღვრეები. მართლაც, გადაწიეს საზღვარი და უდაბნო ჩვენ დაგვიბრუნდა.
ამ დროიდან უკვე ვიწყებთ აქტიურ ჩართვას ამ საზღვრის საკითხში, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ემოციურ დონეზე ამ საკითხის გადაწყვეტა არ გამოვა და აუცილებელია შესაბამისი იურიდიული მასალების შეკრება. მხოლოდ იმის ძახილი, რომ „გარეჯი ჩემია და ისტორიულად ჩემი იყო“, – საკმარისი არგუმენტი არ არის.
აუცილებელი იყო ამის დამამტკიცებელი კარტოგრაფიული და იურიდიული მასალების მოძიება. ასე შევაგროვე მასალები.
შეიქმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შესაბამისი იურიდიული საბუთების მოძიება, კარტოგრაფიული მასალების შეკრება; ჩვენ მაშინ არქივები მოვიარეთ; 4 არქივიდან ამოვიღეთ ჩვენთვის საჭირო რუკა, K-38 მასშტაბის, რომელიც ამ შემთხვევაში გვჭირდებოდა: ეს არის პლანშეტები და შედგება 38 ფორმატისგან და 24-ე, რომელიც გარეჯს ეხება, ყველგან (ოთხივე არქივში!) გამქრალი იყო! ანუ საზღვარი, სადაც დაფიქსირებული იყო გარეჯის მონაკვეთი, აზერბაიჯანთან საზღვარზე, გამქრალი იყო. ანუ რუკები არსებობდა ამ გვერდის გარეშე!
შემდეგ ჩვენ შევხვდით ივერი მელაშვილს (დღეს რომ დააკავეს) და ამ საკითხზე ვესაუბრეთ. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ მას ეს რუკები არ ჰქონდა. საოცარი ამბავია! კომისიაში მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს რუკა არ გაქვს, – აბა, ამდენი წელიდადი რას აკეთებდი, რითი ხელმძღვანელობდი, როგორ გადიოდი საზღვარს?!
მერე მოვინახულეთ სასაზღვრო პოლიციაში ნატალია ილიჩოვა, რომელიც ასევე დღეს დააკავეს. ის ძალიან დაიბნა და გვითხრა: ეს რუკა ჩვენ არ გვაქვს! ამ საქმეში მე არაფერ შუაში ვარ, ყველაფერს ივერი წარმართავდა, ბოლომდე არაფერში მახედებდა და არაფერი არ ვიციო!
მისმა საქციელმა ძალიან დაგვაეჭვა. ასეთი დაბნევა, რას უნდა მივაწეროთ, როდესაც ელემენტარულ კითხვებს გისვამთ და შენ კატეგორიულად ემიჯნები, თავს იმართლებ და ხელებს იბან, უკვე აშკარად იკვეთებოდა, რომ რაღაც კარგად არ იყო…“.