საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. სადრაძის თქმითვე, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.
„დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – განაცხადა სადრაძემ.
ვის გამო კარგავდა დავით გარეჯს საქართველო: დაკავებულია 2 პირი
საქმეზე კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილის ადვოკატმაც. “დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს. საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია”, – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.
„ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს – არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, – განაცხადა მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.