ფერმერთა ასოციაციამ (GFA), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დააფუძნა. ღონისძიებას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ასოციაცია დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული პროფესიული გაერთიანებაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაკავებული თანამდებობიდან წავა, ფერმერი გახდება.
„მე დღეს, ალბათ, ძალიან დიდი გადაწყვეტილება მივიღე, თუ რას გავაკეთებ ამ სამსახურიდან წასვლის შემდეგ – ერთმნიშვნელოვნად გავხდები ფერმერი და მინდა, იცოდეთ ერთი რამ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის სამაგალითო. ეს არის საზოგადოების ორგანიზების მოდელი და იმის მოდელი, თუ როგორ უნდა აიღოს ცალკეულმა ადამიანმა თავის თავზე პასუხისმგებლობა – სახელმწიფოს კი არ უნდა უყუროს და მისგან რაღაცას ელოდოს, არამედ თავად აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენ ამ მაგალითს აძლევთ ყველას – ადამიანებს, სხვადასხვა დარგობრივ გაერთიანებას და ეს არის ყველაზე მთავარი,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.