LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერის ჩაწერა ილიკო სუხიშვილმა მირჩია… მილანის პრესტიჟულ რესტორანში ჩემი სახელობითი სკამი დაიდგმება…“ – როგორ ინარჩუნებს კარგ ფორმას და როგორი ურთიერთობა აქვს 16 წლის ქალიშვილთან დათო გომართელს

1887
დათო გომართელი

„შვიდკაცასთან“ თქვენი პარტნიორობა ახალი ამბავი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ შედგა თქვენი კოლაბორაცია...

ჩვენი მეგობრის, გია გორდეზიანის, მეტსახელად წახნაგას სიმღერაა, რომელიც ჩვენს მეგობრის მეუღლეს მიუძღვნა. სიმღერის სახელწოდებაა „ყველაფერი კარგად იქნება“. პირველად ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავწერე ადრე, ეს იყო უფრო მეტად შიდა მოხმარებისთვის. იმდენად პოპულარული გახდა, რომ „შვიდკაცასაც“ ძალიან მოსწონდა, მსმენელიც აღფრთოვანებული იყო და გადავწყვიტეთ, ახალი ვერსია გაგვეკეთებინა. „შვიდკაცასთან“ ერთად ჩავწერეთ, სულ ახალი გამომცხვარი სიმღერაა. 20 წლის წინანდელი სიმღერაა, რომელსაც ახალი სიცოცხლე მივეცით.

დათო, რამდენადაც ვიცი, საახალწლოდ საკმაოდ აქტიური გეგმები გაქვთ კონცერტებთან დაკავშირებით...

31 დეკემბერს, „ონორეში“ მექნება კონცერტი. პირველში ბაკურიანში, „კოხტა მიტარბს“ ვესტუმრები სოლოკონცერტით. 2 იანვარს, ბედობას, ტრადიციულად, უკვე 15 წელია, ბიჭებთან ერთად ვატარებ „ოტიუმში“- არ ვარღვევთ ტრადიციას და მე და „შვიდკაცა“ ერთობლივ კონცერტს ვმართავთ.

თქვენ და „შვიდკაცამ“ როგორ მოახერხეთ ასეთი მყარი მეგობრობის შენარჩუნება? მით უმეტეს, ამბობენ, რომ შოუბიზნესში ნამდვილი მეგობრობა იშვიათია…

ჩვენ მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა არ გვაკავშირებს, ჩვენ ვართ მეგობრები და ძმაკაცები. რა თქმა უნდა, მათზე უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენი მეგობრობა ისეთია, რომ აი, უკვე ამდენი წელია, ერთად მოვდივართ. ეჭვი არ მეპარება ჩვენს მეგობრობაში. გარდა ამისა, გამოგვივიდა გომართელი-შვიდკაცას ტანდემი, გემოვნებაც ემთხვევა. ალბათ, ამიტომაც გაგრძელდა პროფესიონალური ურთიერთობა, მეგობრული და ძმაკაცური კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

გაგვიმხილეთ, რა არის თქვენი ძალიან ახალგაზრდული იერისა და გარეგნობის საიდუმლო? შესანიშნავად გამოიყურებით…

(იცინის) საიდუმლო არის ის, რომ არ უნდა იყო შურიანი… ყველაფერი კარგი გიხაროდეს და ყველაფერი კარგად იქნება, როგორც ახალ სიმღერაშია.

თქვენს ქალიშვილზე, დარიაზე მინდა გკითხოთ. როგორია თქვენი მამა-შვილური ურთიერთობა?

დარია უკვე მე-11 კლასშია, 16 წლისაა, უკვე დიდი გოგოა. რა თქმა უნდა, გვაქვს მამა-შვილური ურთიერთობა, მაგრამ ახლავს მეგობრული ურთიერთობაც.

ხართ მისი მესაიდუმლე?

კი, ცოტათი, ნელა-ნელა ვარ, მგონი, ვიმსახურებ, რომ ვიყო მისი მესაიდუმლე.

იტალიაში ხართ ხშირად თქვენი სამსახურის გამო… ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მართლა დადგამენ თქვენს სახელობით სკამს?

მე ვარ იტალიაში საქართველოს გენერალური საკონსულოს უფროსი მრჩეველი, რომელიც კურირებს კულტურასა და დიასპორას. მოგეხსენებათ, ყველა დიდი საკითხი წყდება ურთიერთობებითა და პირადული დამოკიდებულებით. მილანში, ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორანი არსებობს, მეპატრონეები არიან ცოლ-ქმარი სიცილიიდან. იმდენად კარგი რესტორანი აქვთ, რომ ხშირად სტუმრობენ იტალიელი ბიზნესმენები, სპორტსმენები, შემოქმედებითი ადამიანები. მათი ტრადიციაა, რომ ჰქონდეთ სახელობით სკამები, რომელსაც უკან აქვს მიკრული სახელობითი ტაბელი. ზუსტად გუშინ მაცნობეს, რომ ჩემი სახელობის სკამიც დამზადდება და დაიდგმება. ამ რესტორანში ნამყოფები არიან ალენ დელონიც და ჩელენტანოც… არ დავკვირვებივარ, ვისი სახელობის სკამებია იქ, მაგრამ ამის შემდეგ დავაკვირდები (იღიმის). პრეზენტაციას ვაპირებთ იანვრის ბოლოს, ვუთხარი, მას შემდეგ, რაც სკამს დაამზადებენ, შამპანური აუცილებლად უნდა გავხსნა-მეთქი (იცინის).

როგორია იყო თქვენთვის 2025 წელი და რა იმედებით ხვდებით 2026 წელს?

როგორც ხედავთ, არ ვჩერდები, სულ ძიებაში და ახლის კეთებაში ვარ. ახალ წელს გამოვა ახალი კლიპი ახალ სიმღერაზე. ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი და ამით არის საინტერესო. სიმღერა ბრაზილიელი კომპოზიტორისაა, ივან ლინსი, ქართული ტექსტი ეკუთვნის ჩემს უმცროს მეგობარს, ძალიან საინტერესო პოეტს, ბიჭი ივანიშვილს. იდეა, რომ ეს სიმღერა შემესრულებინა, მომაწოდა ილიკო სუხიშვილმა. ილიკო და ნინო ჩემი მეგობრები არიან. ილიკომ მითხრა, ეს სიმღერა შენს ხასიათში ჯდება და მგონი, უნდა ჩაწეროო. ივან ლინსი თბილისში ორჯერ იყო და კონცერტები ჩაატარა ჯანო კახიძის დარბაზში. ამ სიმღერას მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ, მე გადმოვაქართულებინე. ძალიან სახალისო ტექსტი დაწერა ბიჭიმ და ცოტა ქართული, გურული კრიმანჭულის ფესვებიც შევიტანეთ. კლიპიც ძალიან საინტერესო იქნება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g