ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რამე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას, სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რამე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ, სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება.
კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იმავე შეკითხვითა და იმავე ფორმატით, რაზედაც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა მოქმედებასთან მაქვს საქმე, არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საელჩოში შეხვედრაზე მას აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა “არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული” იყო.